ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფარმაცევტულ კომპანიებზე ზეწოლას აძლიერებს. ეს წნეხი კიდევ უფრო გაიზარდა მისი ბრძანების გამოქვეყნებით, რომელიც წამლების მწარმოებლებისგან 30 დღის განმავლობაში ფასების შემცირებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შტატების ადმინისტრაციის მხრიდან საფასო შეზღუდვებს დაექვემდებარებიან იმ ტარიფების ფარგლებში, რაც სხვა ქვეყნებში მოქმედებს.

დირექტივის გამოცემის შესახებ თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გახდა ცნობილი და მისი მიზანია, წამლებზე ამერიკელების დანახარჯები ევროპულ დონეს მიუახლოვდეს.

„ჩვენ აღარ ვიქნებით სულელები. ჩვენ გადავიხდით იმდენს, რამდენსაც გერმანია იხდის, რამდენსაც იხდის საფრანგეთი - ჩვენი მოქალაქეების ძარცვა აღარ მოხდება,“ - განაცხადა ტრამპმა.

ბრძანებით, ჯანდაცვის მინისტრს ევალება, შუამავლის როლი შეასრულოს მწარმოებლებთან სასწრაფო გარიგებების დადების მიზნით. ხოლო თუკი მოლაპარაკებები წარმატებული არ იქნება, უწყება მოსახლეობისთვის ხელსაყრელ ფასწარმოქმნას თავად დააწესებს. 


ამ მოდელით მედიკამენტების საბიუჯეტო დაფინანსება გაუთანაბრდება იმ დაბალ ფასებს, რომლებიც სხვა მდიდარი ქვეყნებშია. აღნიშნული პრინციპი პირველ რიგში გავრცელდება ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ იმ პროგრამებზე, რომლებიც 150 მილიონზე მეტ ხანდაზმულს, შშმ პირსა და ნაკლებშემოსავლიან ოჯახებს ეხება.

ფარმაცევტულმა ლობისტურმა კომპანია PhRMA-მ ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და მას ეკონომიკური საბოტაჟი უწოდა. მისი პოზიციით, ამ მოდელმა შესაძლოა ინოვაციები შეზღუდოს. ლობისტურ კომპანიაში აცხადებენ, რომ ფასების კონტროლმა შეიძლება, ჩინეთს ამერიკის სამედიცინო მომავლის გასაღები ჩაუგდოს ხელში. იგულისხმება ამერიკული ფარმაცევტული დარგის წარმომადგენელთა მუქარები იმის შესახებ, რომ 
კვლევით ინვესტიციებს უცხოეთში გადაიტანენ.

ტრამპმა პოპულისტური რიტორიკა გააძლიერა იმით, რომ კომპანიები ამერიკელი პაციენტების ექსპლუატაციაში დაადანაშაულა იმ მიზნით, რომ წამლების გლობალური წარმოება დასუბსიდირდეს. 


„მათ ათწლეულების განმავლობაში შერჩათ მკვლელობები,“ - განაცხადა მან ჯანდაცვის მინისტრ კენედისა და Medicare-ის ხელმძღვანელის, მეხმეთ ოზის გარემოცვაში ყოფნისას.

პრეზიდენტი ასევე გამოვიდა ანტიმონოპოლიური გამოძიებისა და იაფფასიანი მედიკამენტების იმპორტის გაფართოების წინადადებით. თუმცა თეთრ სახლს კონკრეტული წამლების სია ან ეკონომიის შეფასება არ წარმოუდგენია. 


ტრამპი ამბობს, რომ მთავრობა დააწესებს საბაჟო გადასახადებს, თუკი აშშ-ში ფასები სხვა ქვეყნებში არსებულ ფასებს არ გაუთანაბრდება. მისი თქმით, ელოდება, რომ ბრძანების შედეგად მედიკამენტები 59-დან 90%-მდე უნდა გაიაფდეს. 


მისივე თქმით, წამლების ფასებთან დაკავშირებული ბრძანების გამოცემა მის მეგობართან საუბრის შედეგია, რომელმაც უთხრა, რომ წონაში კლების ინექცია ლონდონში 88 დოლარად გაუკეთეს მაშინ, როცა იგივე მედიკამენტი ამერიკაში 1300 დოლარი ღირს.

აღსანიშნავია, რომ მედიკამენტების ფასების სხვა ქვეყნებთან გათანაბრებას ტრამპი პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც ცდილობდა, თუმცა მისი მცდელობები სასამართლოებმა დაბლოკეს.