მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გასული წლის 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს დაშავებულ ალექსანდრე თირქიას ჯანდაცვის სამინისტრომ დაფინანსებაზე უარი უთხრა, განმარტება ჯანდაცვის მინისტრის შემდეგ იმ კლინიკამაც გააკეთა, სადაც პაციენტი მკურნალობს.
კლინიკის ხელმძღვანელი ადასტურებს მინისტრის ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ ტექნიკურ ხარვეზს.
„აღნიშნული პაციენტის დაფინანსების ადმინისტრირების პროცესში ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, მოხდა ტექნიკური ხარვეზი. ამჟამად, შეიძლება ითქვას, რომ ეს ხარვეზი გასწორებულია და შესაბამისად, პროცედურების დაცვით ხდება ჯანდაცვის სამინისტროსთან დაფინანსებაზე მიმართვა,“ - აღნიშნა კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფო ასპანიძემ.
შეგახსენებთ, რომ დაშავებული ახალგაზრდა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მედიკამენტოზური ძილის ქვეშ, ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა. მკურნალი ექიმების განცხადებით, მას ძვლების იმპრესიული მოტეხილობა ჰქონდა – შუბლის ძვლების, შუბლის წილის გარკვეული ტიპის დაზიანებით. მან კლინიკა 19 დეკემბერს დატოვა.
გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაციენტს ჯანდაცვის სამინისტროდან დაფინანსების მოთხოვნაზე უარი მოუვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დილით განმარტება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა - მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ალექსანდრე თირქიას სამედიცინო მომსახურება წინა, სხვა შემთხვევაში დაუფინანსდა. მაშინ, დოკუმენტაცია სწორად იყო ატვირთული. ამ ჯერზე კი, კერძო სამედიცინო დაწესებულების მხრიდან,
დოკუმენტაცია არასწორად იქნა ატვირთული და როგორც კი სამინისტროში სწორად შევა განაცხადი, პაციენტი დაფინანსებას მიიღებს.
„დოკუმენტაცია არასწორად იქნა ატვირთული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ამ წესით დაფინანსება არ ხდება. ეს გადასარევად იცის თავად კლინიკამაც და თანამშრომლებმაც, რომლებმაც არასწორ ადგილას, არასწორი ფორმით ეს დოკუმენტაცია ატვირთეს. წინა სხვა შემთხვევაში, სამინისტროს მხრიდან ამ კონკრეტულ პიროვნებას,
სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდა. მაგალითად: როდესაც ამ კონკრეტულ ადამიანს, დასჭირდა კონკრეტული მანიპულაცია - ამბულატორიული იქნებოდა ეს, თუ კვლევები - უწყების მხრიდან, ყოველთვის ფინანსდება.
მანამდე, სამედიცინო დოკუმენტაცია რეფერალურ პროგრამაზე იყო ატვირთული და დაფინანსდა კიდეც, მორიგ ჯერზე ამავე რეფერალზე არ ატვირთეს. ამ ადამიანებმა გამოსავალი მშვენივრად იციან, უბრალოდ, ამ შუალედით ისარგებლა ვიღაცამ. როგორც კი სწორად შემოვა განაცხადი, ყველა საფუძველი არსებობს იმის თქმისთვის, რომ ეს
პიროვნება დაფინანსებას მიიღებს.
როდესაც კლინიკას ეშლება და სამინისტროს ჩირქს სცხებენ, ეს კატეგორიულად მიუღებელია, - განაცხადა მინისტრმა.