ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტი გეგმავს, გააუქმოს COVID-19-ის საწინააღმდეგო გეგმიური ვაქცინაციის რეკომენდაციები ორსულების, მოზარდებისა და ბავშვებისთვის. ინფორმაციას Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, იგეგმება თუ არა ამ ჯგუფებისთვის ვაქცინაციის რეკომენდაციების სრული გაუქმება თუ ინიციატივა გულისხმობს, უბრალოდ, რჩევას პაციენტებისადმი, რომ თავიანთ ექიმებს ვაქცინაციის რისკებთან და უპირატესობებთან დაკავშირებით გაესაუბრონ.
CDC-ის ინფორმაციით, ამერიკაში ორსული ქალების 14%-მა და ბავშვების 13%-მა უკვე მიიღო კოვიდის განახლებული ვაქცინა.
შტატების ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტს რობერტ ფ. კენედი უმცროსი ხელმძღვანელობს, რომელიც ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმით გამოირჩევა.
შტატების წამლის კონტროლის სამმართველოს უფროსი მარტინ მაკარი ასევე გამოვიდა მოსახლეობის ფართო მასების სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ.
ამასთან, FDA გეგმავს ვაქცინების დამტკიცების ახალი სტრუქტურის შემოღებას.
ყოველივე ეს ხდება მასობრივი გათავისუფლებების ფონზე, მათ შორის მაღალი თანამდებობის მქონე მეცნიერების მიმართ, კენედის ადმინისტრაციის რეფორმის ფარგლებში, რომელმაც უკვე გამოიწვია ოპონენტების კრიტიკა.