სამედიცინო ველნეს კურორტ "ბიოლმა " ბოლო 6 თვეში 1.15 მლნ ლარის ზარალი მიიღო. როგორც "ბიზნესპარტნიორს" კურორტის მფლობელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თამაზ მჭედლიძემ განუცხადა, აღნიშნული კლება ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია.
მისივე ინფორმაციით, "ბიოლის" მომხმარებლები ძირითადად უცხოელები არიან, რადგან ქართველებში ველნეს კულტურა ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის.
"1-ელი ნოემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, "ბიოლის" საოპერაციო მინუსი 1 150 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულ შემცირებას ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ვუკავშირებ. "ბიოლის" მომხმარებლები ძირითადად უცხოელები არიან, რომელთათვისაც უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების რაოდენობა "ბიოლში" შემცირდა. წინა წელთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით, 30%-ით არის შემცირებული. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ისრაელიდან და გალფის ქვეყნებიდან არიან.
ჩვენი მთავარი მიმართულება ჯანმრთელობის რესურსების მართვაა, რაშიც სხვადასხვა სერვისი და მომსახურება შედის. ქართველები ჩვენთან ძირითადად დასასვენებლად და სასეირნოდ ამოდიან, ხოლო უცხოელები - ველნეს მომსახურებების მისაღებად. ქართველებისთვის ველნესი სიგარეტის სუფთა ჰაერზე მოწევაა, საქართველოში ველნესის კულტურა ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული. ხოლო საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ველნესის მიმართ ინტერესი აქვს, აღნიშნული სერვისის მიღებას უცხოეთში არჩევს. გარდა მენტალობისა, დღეს ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ველნესის მიმართულება განვითარდეს, მათ შორის ბუნება და წინაპრების დატოვებული მნიშვნელოვანი ტრადიციები”, - აცხადებს თამაზ მჭედლიძე.
კურორტის მფლობელი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი აღნიშნავს, რომ კლების ტენდენციის მიუხედავად ის ველნეს მიმართულებით განვითარებას არ წყვეტს. თამაზ ჭელიძის განცხადებით, ადრე თუ გვიან ქართული ველნესი მსოფლიო ველნეს ინდუსტრიაში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.
"კლების ტენდენციის მიუხედავად, გამომდინარე იქიდან, რომ "ბიოლის" პროექტს აბსოლუტურად საკუთარი ინვესტიციით ვახორციელებ, განვითარებას არ ვაჩერებ. ამ წლის ბოლომდე "ბიოლში" ჩადებული ინვესტიცია ჯამში 51 მილიონ დოლარს მიაღწევს”, - აცხადებს კურორტის დამფუძნებელი.
შეგახსენებთ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თამაზ მჭედლიძემ შპს "მედგრუპ ჯორჯიას" კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლის მშენებლობა კოჯორში 2012 წელს დაიწყო. ამჟამად ტერიტორიაზე სულ 17 კოტეჯია, მათ შორის, 4 შალე.
კომპანიის მიზანია საქართველოში ველნეს ინდუსტრიის განვითარება და როგორც პრემიუმ კლასის, სამედიცინო კურორტის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე. თამაზ მჭედლიძე რუსეთში კლინიკების ქსელი "მედის" მფლობელიცაა.
bp.ge