2025 წლის მონაცემებით, საერთაშორისო აკრედიტაცია 173-მა კლინიკამ მიიღო, რაც სტაციონარების საერთო რაოდენობის 86%-ია.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელსაც ის პარლამენტს 27 ივნისს წარუდგენს.
„საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით, 2025 წლის მონაცემებით, საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო 173-მა კლინიკამ (სტაციონარების საერთო რაოდენობის 86%), ხოლო 29 ჰოსპიტალი უახლოეს მომავალში დაასრულებს აკრედიტაციის პროცესს, რაც საქართველოში მაღალი სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ევროინტეგრაციის კონტექსტში, კვლავ პრიორიტეტად რჩება ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დირექტივების მაღალ დონეზე შესრულება,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის ქონა სავალდებულო მიმდინარე წლის 1 იანვრიდან გახდა.
საქართველოს ბაზარზე 6 უცხოური მააკრედიტებელი ორგანიზაცია შემოვიდა.
საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოქმედი კლინიკების სამედიცინო სერვისების ხარისხი, პერსონალის კვალიფიკაცია, ინფრასტრუქტურა და სხვა მიმართულებები მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებს შეესაბამება.