ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები 323%-ით გაიზარდა: 2012 წელი − 450 მლნ ლარიდან 2024 წლის 1 904 მლნ ლარამდე.


ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელსაც ის პარლამენტს 27 ივნისს წარუდგენს.


დოკუმენტის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 95%.

ანგარიშში ასევე მოყვანილია შემდეგი რიცხვები:


მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელს არსებული 73%-იდან 2023 წელს 41%-ამდე არის შემცირებული.


DRG-ს ამოქმედების შედეგად, 2024 წლის ბოლოსთვის სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ 27%-იდან 12%-ამდე შემცირდა. რეფორმამ ხელი შეუწყო სექტორში ხარჯების გაზომვადობას, გამჭვირვალობასა და პროგნოზირებადობას და შექმნა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პოტენციალი.


2024 წლის სექტემბრიდან, DRG ანაზღაურების მექანიზმს დაემატა რეანიმაციული შემთხვევების განსხვავებული წესით დაფინანსება. ცვლილება, საწყის ეტაპზე, შეეხო სერვისებს − „ფილტვების შეშუპება და სუნთქვის უკმარისობა“. შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გახანგრძლივებული ინტენსიური მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებზე სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეული დანახარჯების ანაზღაურების მექანიზმი (609 სამედიცინო შემთხვევა).


მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, 2023 წელს დაინერგა რეფერენტული ფასების სისტემა. დღეისთვის განსაზღვრულია 297 ნივთიერების 7 091 მედიკამენტის ფასი, რაც საშუალოდ 40%-ით ფასის შემცირებასა და ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

წამლებზე ჯიბიდან გადახდების შემცირებისთვის, 2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე მოიხსნა წლიური ლიმიტი. გაფართოვდა ნოზოლოგიური ჯგუფები, კერძოდ, დაემატა გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები. შედეგად, 2024 წელს პროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობამ შეადგინა 392.3 ათასამდე პირი. 


2024 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიიღოს ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები (ქიმიო, ჰორმონო და იმუნოთერაპია) სრულად − ლიმიტის გარეშე, ექიმის დანიშნულებით. 2024 წელს ონკოლოგიური მედიკამენტების მიმღებ პირთა რაოდენობამ შეადგინა 25 203 პაციენტი, ხოლო სრულად სერვისით (მათ შორის, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია) ისარგებლა 29 127-მა პაციენტმა. 2025 წლის 5 მაისის მდგომარეობით, ონკოლოგიური სერვისით სულ ისარგებლა 21 909-მა ბენეფიციარმა, მათ შორის, მედიკამენტის მიმღებ პირთა რაოდენობამ შეადგინა 19 791; 2024 წლის ივლისიდან, პარენტერალურად (საინფუზიო, საინექციო და სხვა) გამოსაყენებელ სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებს პაციენტები იღებენ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც უნდა ჩატარდეს პროცედურა.

2024 წელს სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, საერთაშორისო მწარმოებლებთან − შპს „Hoffmann-La Roche-სა“ და სს „Novartis Pharma Services-თან“ გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები, გამარტივებული წესით, ინოვაციური და სხვა ძვირადღირებული ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვასთან დაკავშირებით. 


ცენტრალიზებულად (პირდაპირ მწარმოებლისგან) შესყიდულ იქნა 21 დასახელების მედიკამენტი, რომლებიც სრულიად უსასყიდლოა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის;


ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გაძლიერებისთვის, ჩამოყალიბდა საერთაშორისო
თანამშრომლობა ისრაელის, ესპანეთისა და თურქეთის კლინიკებთან. ონკოლოგიური
დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, 2024 წლიდან 2025 წლის 1 მაისის ჩათვლით, განხორციელდა 0 − 18 წლის ბავშვთა ონკოლოგიური პროგრამის 147 ბენეფიციარის საზღვარგარეთ პროვაიდერ კლინიკებში მკურნალობა.

გამოჯანმრთელების მაჩვენებელი შეადგენს 90.1%-ს;

დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობაა სოლიდარობის ფონდის შემოწირულებები. საანგარიშო პერიოდში, საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში მომსახურება მიიღო 0 − 22 წლის 161-მა ონკოლოგიურმა პაციენტმა.

2024 წლის დეკემბრიდან ცვლილება შევიდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და სტაციონარულ სამედიცინო სერვისებზე პროგრამის მოსარგებლეებისთვის შეიქმნა თანაგადახდის სამართლებრივი საფუძველი აყვანილი ექიმის/ექთნის, არჩეული პალატის, სახარჯი მასალისა და ინოვაციური აპარატურით/მეთოდით მკურნალობისთვის.

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2024 წლიდან დაიწყო მშობიარობის შემდგომი პოსტნატალური ვიზიტის დაფინანსება. აღნიშნული სერვისის ფარგლებში, 2024 წელს მომსახურება უკვე მიიღო ათასამდე მელოგინემ.

საანგარიშგებო პერიოდში აშენდა და აღიჭურვა ავეჯითა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით 22 სოფლის ამბულატორია. 2025 წელს დაგეგმილია 16 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა. უკვე დაწყებულია 12 ამბულატორიის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, წლის ბოლომდე დაიწყება კიდევ 4 ამბულატორიის მშენებლობა.

50 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა აპარატურით და 2024 წელს 1100-ზე მეტ სოფლად მცხოვრებ ადამიანს ჩაუტარდა სპეციალისტის კონსულტაცია ტელემედიცინის სერვისის საშუალებით.

2024 წელს, ევროკავშირსა და გაეროს ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, დამატებით, ტელემედიცინის აპარატით აღიჭურვა 60 ამბულატორია.

2025 წლიდან დაიწყო პირველადი ჯანდაცვის განახლებული მოდელის დანერგვა, რომელიც სრულად მორგებული იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებებსა და მოლოდინებზე.


გრძელდება „C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა“. 


განკურნების მაჩვენებელი 99%-ს შეადგენს. 


საქართველო, C-ჰეპატიტთან ბრძოლაში, გლობალურ ლიდერადაა აღიარებული. C ჰეპატიტის ელიმინაციის პარალელურად, 2024 წელს ამოქმედდა „B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაც“.

B ჰეპატიტის მართვის პროგრამის მკურნალობის კომპონენტში უკვე ჩართულია 639 პაციენტი.

ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიან განხორციელებას მოჰყვა ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია (75.3 (2014) და 29 (2024) ასი ათას მოსახლეზე), 65%-იდან (2014) 86%-ამდე (2024) გაიზარდა განკურნების მაჩვენებელიც.

დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის 2022 წლიდან ხელმისაწვდომი გახდა სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის უახლესი თაობის სისტემები (CGM). პროგრამის ფარგლებში შეძენილი მოწყობილობით ამჟამად სარგებლობს 1 200-ამდე ბავშვი.

ბოლო წლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა დიალიზის სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოება. 2024 წელს, პროგრამას დაემატა დიალიზის სერვისის 10 მიმწოდებელი (მარტვილის, ყვარლის, დუშეთის, საგარეჯოს, ჭიათურის, ხულოს, სენაკის, ტყიბულის, წალენჯიხისა და კასპის მუნიციპალიტეტები). 2024 წლის მდგომარეობით, დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომია 50 დაწესებულებაში. პროგრამის ფარგლებში მომსახურება მიიღო 3.6 ათასამდე პაციენტმა.

2022 წლიდან დაიწყო ღვიძლისა და ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციების დაფინანსება პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, მათ შორის, საზღვარგარეთის კლინიკებში.


საანგარიშო პერიოდში, ორგანოთა ტრანსპლანტაციის პროგრამების ფარგლებში, ძვლის ტვინის გადანერგვა ჩაუტარდა 57, თირკმლის ტრანსპლანტაცია − 47 და ღვიძლის გადანერგვა კი 9 პაციენტს.

2024 წელს დამტკიცდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალი სტანდარტები, რომელიც გახდება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საფუძველი.


დოკუმენტში ასევე საუბარია ექთნების პროფესიის გაძლიერებაზე.

რაც შეეხება კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციას, 2025 წლის მონაცემებით, საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო 173-მა კლინიკამ (სტაციონარების საერთო რაოდენობის 86%), ხოლო 29 ჰოსპიტალი უახლოეს მომავალში დაასრულებს აკრედიტაციის პროცესს.

„ევროინტეგრაციის კონტექსტში, კვლავ პრიორიტეტად რჩება ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დირექტივების მაღალ დონეზე შესრულება. პარლამენტში განხილვის პროცესშია „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონი ეთიკური და ხარისხის მოთხოვნების სრული დაცვით დაარეგულირებს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სფეროს,“ - ნათქვამია დოკუმენტში.