მიუხედავად ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯებისა, ჯანდაცვაზე გადახდილი თანხა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გაღარიბებას იწვევს და ყველაზე დიდ ტვირთად მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული ხარჯი აწვება საზოგადოებას.  ამის შესახებ საუბარია ფონდ „კურაციოს“ კვლევაში „ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი. საქართველოში ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ფინანსური ტვირთი მოსახლეობისთვის: გამოწვევები და პერსპექტივები.“ ფონდის ინფორმაციით, ბარომეტრში გამოყენებული ინფორმაცია ეყრდნობა როგორც პირველადად შეგროვებულ თვისებრივ მონაცემებს - ინტერვიუებს, ასევე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების კვლევის რაოდენობრივი მონაცემების ანალიზს.

კვლევის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში შემცირდა ჰოსპიტალურ სერვისებზე გაწერული ხარჯის ხვედრითი წილი და შინამეურნეობების ყველაზე დიდი ხარჯი მედიკამენტებზე მოდის (75-79%).

კვლევაში აღნიშნულია, რომ დასახელებული ხარჯებისგან ყველაზე დაუცველი შინამეურნეობების უღარიბესი 20%-ია, რომელთაც ყავთ სულ მცირე ერთი წევრი ქრონიკული დაავადებით და/ან შშმ პირი.

„ამ პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა, რომელთაგანაც ყველაზე დიდი პოზიტიური ეფექტის მქონე იყო ქრონიკული დაავადების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა და გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა. 2017 წელს დანერგილი ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, განსაკუთრებით მის ადრეულ ფაზაში მოიცავდა მოსახლეობის მცირე ნაწილს, ჰქონდა დაბალი ბიუჯეტის ათვისება და პროგრამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობაც დაბალი იყო - შესაბამისად ვერ იცავდა მოსახლეობას
გაღარიბებისგან. 2017 წლიდან დღემდე ამ პროგრამამ დიდი გზა განვლო, ბევრი წარმატებული გადაწყვეტილებით და კარგი პროგრესით - გაიზარდა ბენეფიციარების რაოდენობა და მათი ფინანსური დაცულობა. თუმცა, კვლავაც რჩება გამოწვევები. ზემოთ აღნიშნულმა ცვლილებებმა 2022 წლის ბოლოს ინიცირებულ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკასთან ერთად დადებითი შედეგი გამოიღო და შეამცირა მოსახლეობის დანახარჯი მედიკამენტებზე. მაგრამ ეს ჯერ საკმარისი არ არის და აუცილებელია ამ მიღწევების შემდგომი გაფართოვება,“ - წერია დოკუმენტში.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი წლების განმავლობაში იზრდებოდა და  2024 წელს ამ თანხამ 58 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც პროგრესია, მაგრამ მოცულობით მაინც მწირია, რადგან შინამეურნეობების დანახარჯმა წამლებზე ამავე წელს 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „კურაციო“ შემდეგ რეკომენდაციებს იძლევა:

1. გაიზარდოს ქრონიკული მედიკამენტების პროგრამის სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა და დამატებითი ფინანსები ფოკუსირდეს მოსახლეობის მოწყვლად ფენაზე, რომელიც სიღარიბის დახმარების მიმღებად ირიცხება;

2. ამ ჯგუფებისთვის გაფართოვდეს პროგრამით დაფინანსებული ქრონიკული მდგომარეობების და შესაბამისი მედიკამენტების ნუსხა;

3. გაძლიერდეს პირველადი ჯანდაცვის როლი ბენეფიციარებისთვის პროგრამის სარგებლის მიწოდებაში და შესაბამისად სამიზნე მოსახლეობის ინფორმირებულობაში;

4. გაიზარდოს მოსახლეობის მოცვა იმ რეგიონებში, სადაც ჯერჯერობით მოცვის დონე საშუალო ეროვნულზე დაბალია;

5. გაგრძელდეს გარე რეფერენტულ ფასწარმოქმნის მექანიზმზე მუდმივი მონიტორინგი, რათა დროულად მოხდეს საჭირო ადაპტაციები და შენარჩუნდეს და გაძლიერდეს მოსახლეობაზე ამ პოლიტიკის პოზიტიური ფინანსური ეფექტი;

6. გააქტიურდერს პროგრამის მიერ შეთავაზებული სარგებელის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება ეფექტური საინფორმაციო არხების გამოყენებით.