Pfizer-ი შეშფოთებულია დონალდ ტრამპის გეგმებით, ევროკავშირის საქონელზე გადასახადები დააწესოს. ევროკავშირში კი მედიკამენტების მწარმოებელს საკუთარი საწარმოები აქვს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა.


„ბლუმბერგი“ წერს, რომ ჩინეთის, ასევე მექსიკისა და კანადის მიმართ  გადასახადის დაწესება Pfizer-ზე, დიდი ალბათობით, არ მოახდენს გავლენას. თუმცა, კომპანიას აქვს მინიმუმ 10 ქარხანა ევროპაში. 

“ჩვენ ველოდებით, როდის დავინახავთ, თუ როგორ აისახება ეს ადგილობრივ ტარიფებზე, თუმცა ჩინეთს, კანადასა და მექსიკას ისინი ჯერ არ შეეხება,“ - განაცხადა ფარმაცევტული გიგანტის ხელმძღვანელმა.

ფარმაცევტული პრეპარატები, როგორც წესი, საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდება, რადგან მათ ჯანდაცვის სფეროსთვის სასიცოცხლო დანიშნულება აქვთ. 

ტრამპმა ამ სექტორისთვის იმპორტის გადასახადის დაწესების გეგმების შესახებ აშშ-ის წარმოების სექტორის გაზრდის გეგმების ფარგლებში განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ ტრამპი გეგმავს, აპრილის დასაწყისიდან აშშ-ში ავტომობილების, ნახევარგამტარ კომპონენტებსა და ფარმაცევტულ პროდუქციაზე 25%-იანი საბაჟო გადასახადი დააწესოს.

გადაწყვეტილება შესაძლოა უკვე 2 აპრილიდან ამოქმედდეს. 

ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ სურს, იმპორტზე ახალი გადასახადის გამოცხადებამდე კომპანიებს მისცეს დრო ახალ ვითარებასთან შესაგუებლად. ახალი ზომები ეტაპობრივად ამოქმედდება, რათა კომპანიებს ჰქონდეთ მცირე შანსი, საწარმოები აშშ-ში გადაიტანონ. 
ამერიკის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, დამატებითი გადასახადები გარკვეულ ქვეყნებს შეეხება თუ მთელი მსოფლიოს იმპორტს აშშ-ში.