ქვეყანა სისხლის უანგარო დონორობაზე გადასვლისთვის ემზადება. თემას საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ რეფორმისთვის წლებია, სამზადისი მიმდინარეობს და, როგორც სფეროს სპეციალისტები ამბობენ, მომავალი წლიდან სისხლის დონაცია სრულად უანგარო გახდება. კერძოდ, სისხლის ბანკის დამფუძნებლის ნატალია კვანტალიანის თქმით, სავარაუდო პერიოდად 2026 მაისია დასახელებული.
რეფორმა ნიშნავს იმას, რომ ფულადი ან სხვა სახის ანაზღაურების სანაცვლოდ სისხლის გაღება აიკრძალება. ცვლილების მიზეზი ისაა, რომ მატერიალურად დაინტერესებული დონორი, შესაძლოა, მალავდეს გარკვეულ ინფორმაციას მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ეს კი სისხლის მიმღებისთვის საფრთხეებს შეიცავს. გარდა ამისა, უანგარო დონაციის ხელშეწყობა, ევროდირექტივების შესაბამისად, უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს. რეფორმის შედეგად, გაუმჯობესდება დონორთა შერჩევისა და ტესტირების პროცედურები, დაინერგება სისხლისა და მისი კომპონენტების კონტროლი, ასევე განისაზღვრება სისხლის დაწესებულებების ლიცენზირების ახალი წესები.
სისხლის უანგაროდ გაღება 18-დან 65 წლამდე ასაკის ადამიანებს შეუძლიათ, თუმცა გაწერილია გარკვეული კრიტერიუმები, რისი დაკმაყოფილებაც აუცილებელია. პირველი და ერთერთი მნიშვნელოვანია, რომ დონორს არ უნდა ჰქონდეს ქრონიკული დაავადებები. სპეციალისტების ინფორმაციით, სისხლის გაღება სასარგებლოა თავად დონორის ჯანმრთელობისთვისაც.
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ კანონთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების განხილვის მიზნით ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო. მიხეილ სარჯველაძის თქმით, რეფორმის განხორციელების პროცესში, ხარისხთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სისხლის პროდუქტების მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფას.
წარმოდგენილი კანონქვემდებარე აქტების მიხედვით, სისხლის უსაფრთხო პროდუქტებით უზრუნველყოფის მიზნით, უმჯობესდება დონორთა შერჩევისა და ტესტირების პროცედურები, ინერგება სისხლისა და მისი კომპონენტების მიკვლევადობისა და ჰემოზედამხედველობის სისტემა, განისაზღვრება სისხლის დაწესებულებების ლიცენზირების ახალი წესები, რაც ხელს შეუწყობს მთლიანად ტრანსფუზიოლოგიის სექტორის ხარისხობრივ განვითარებას.
იგეგმება უანგარო დონორების წახალისების მექანიზმის შექმნაც.
კანონის ამოქმედება თავდაპირველად 2025 წლის ივლისიდან იგეგმებოდა, თუმცა ის ძალაში ეტაპობრივად შევა.





