2025 წლის 7 თვის მონაცემებით, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ ბენეფიციარების მკურნალობა 26 მილიონზე მეტი ლარით დააფინანსა. დიალიზის პროგრამით სარგებლობს 3600 პირი.
ამის შესახებ ჯანმრთელობის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს.
პროგრამა მოიცავს:

ჰემოდიალიზით უზრუნველყოფასა და მასთან დაკავშირებულ შემდეგ სერვისებს: ნეფროლოგის კონსულტაცია; კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევები; სადიალიზე საშუალებებით, მასალითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; სისხლძარღვოვანი მიდგომის უზრუნველყოფა.

პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფას, რომელიც ითვალისიწინებს: ნეფროლოგის კონსულტაციას; კათეტერის იმპლანტაცია/ექსპლანტაციას; კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს; სადიალიზე საშუალებებით, მასალითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

დიალიზის პროგრამით 3600 პირი სარგებლობს.
 საქართველოს მასშტაბით, ფუნქციონირებს დიალიზის მიმწოდებელი 50 სამედიცინო დაწესებულება.
 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სრულად ფინანსდება თირკმლის ტრანსპლანტაცია. 2025 წელს, 800 000 - მდე ლარით დაფინანსდა და წარმატებით ჩატარდა 37  თირკმლის გადანერგვის ოპერაცია.

ფინანსდება გადანერგვის შემდგომ აუცილებელი მედიკამენტებიც, რაც ორგანოგადანერგილ პაციენტებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ესაჭიროებათ. დღევანდელი მონაცემებით, ასეთ სამკურნალო საშუალებებს 600 - ზე მეტი პაციენტი იღებს. ამასთან, მედიკამენტები უფინანსდებათ იმ პირებსაც, რომელთაც თირკმლის გადანერგვა საზღვარგარეთ ჩაუტარდათ. 2025 წელს უკვე გაცემულია 1 200 000 ლარის მედიკამენტი.

პროგრამის მოსარგებლეები არიან თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებული და/ან ორგანოგადანერგილი საქართველოს მოქალაქეები, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი სხვა პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად.

პროგრამის დროებითი მოსარგებლეები არიან თირკმლის მწვავე დიაგნოზის მქონე პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციის დასრულების შემდეგ ჯერ კიდევ საჭიროებენ დიალიზს.

მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.