საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები მკაცრად აკრიტიკებენ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებას, რომელიც თამბაქოს პროდუქციას ეხება. თემას საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს და აღნიშნავს, რომ სიგარეტზე აქციზის განაკვეთი იცვლება.
კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, ახალ რეგულაციებს ორი მიმართულებით აწესებს - იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოებული თამბაქოს ნაწარმზე განსხვავებული მიდგომები ამოქმედდება. ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე აქციზის განაკვეთი 1.90 ლარიდან 1.30 ლარამდე მცირდება, თუმცა შეღავათი შეეხება მხოლოდ პირველ 35 მილიონ კოლოფს. როცა კომპანიის მიერ ერთ წელიწადში წარმოებული პროდუქცია ამ რაოდენობას გადააჭარბებს, უკვე ახალი განაკვეთი ამოქმედდება -
20 ღერზე 2 ლარი და 75 თეთრი. ეს კი დღეს მოქმედ ტარიფთან შედარებით 85 თეთრით გაზრდილი აქციზია და ასეთივე იქნება ის იმპორტირებული საქონლისთვისაც. როგორც ცვლილების ინიციატორები განმარტავენ, მიზანი ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის შექმნა, ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და დადებითი ფისკალური ეფექტის მიღებაა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში მეტი შემოსავლების შესვლას გულისხმობს.
აქციზის ცვლილების პარალელურად, მცირდება სიგარეტზე მოქმედი კიდევ ერთი - ადვალური გადასახადი.
ეს კი, ექსპერტების ნაწილის თქმით, ჯამში მწარმოებლებისთვის ფინანსურ ტვირთს არათუ არ ზრდის, ამცირებს კიდეც. შედეგად, როგორც
თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე გიორგი მაღრაძე ამბობს, ცვლილება არც მწარმოებელს და არც იმპორტიორს არ აიძულებს ფასები გაზარდოს. მეტიც - მაღრაძე არ გამორიცხავს, რომ ადგილობრივი წარმოების თამბაქო გაიაფდეს კიდეც. ეს კი, მისივე განცხადებით, ქმნის რისკებს, ეს მავნე პროდუქტი უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
„ეს გადაწყვეტილება არანაირად არ ემსახურება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებს. თამბაქოზე აქციზი და სხვადასხვა გადასახადი იმისთვისაა შემოღებული, რომ ის განსხვავებული პროდუქტია. ესაა პროდუქტი, რომელიც დაავადებებს და სიკვდილს იწვევს. შესაბამისად, ყველა ქვეყანა ცდილობს, ეტაპობრივად გაზარდოს აქციზური და სხვა გადასახადები და ამით შეამციროს თამბაქოს მოხმარება.
არ შეიძლება თამბაქოს რომელიმე ნაწარმს რაიმე უპირატესობა მიენიჭოს გადასახადების შემცირების თვალსაზრისით და ამით ხელი შეეწყოს იმას, რომ ადამიანმა ერთი პროდუქტიდან მეორეზე გადაინაცვლოს. ნუ გამოვლენ ახლა მოწინააღმდეგეები და ნუ იტყვიან, რომ ადამიანები მაინც ეწევიან და რა მნიშვნელობა აქვს ამ ზომებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირიქით - ეტაპობრივად და მუდმივად უნდა ხდებოდეს ფასის მატება,“ - განაცხადა მაღრაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.





