საქართველოს ტერიტორიაზე ამ დრომდე ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია, რაც განპირობებულია ქვეყანაში სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

ამასთან, სააგენტოს განცხადებით, გასულ დღეებთან შედარებით, ატმოსფერული ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება მცირედით შესუსტებულია. პროცესი სინოპტიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მყარი ნაწილაკების მაჩვენებლების კლება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.


აღსანიშნავია, რომ ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა საქართველოში 6 ნოემბრიდან ფიქსირდება.


უდაბნოს მტვერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. კერძოდ: მინერალებს (კალციტი, კვარცი და სხვა), მძიმე მეტალების მიკრონაწილაკებს, ბაქტერიებსა და სოკოების სპორებს, ასევე PM10 და PM2.5 ტიპის მტვერს, რომლებიც ფილტვებში აღწევს.

ამ მოვლენამ ჯანმრთელობას შეიძლება არაერთი რისკი შეუქმნას და გამოიწვიოს ქოშინი, ხველა, ცხვირის გაღიზიანება, ყელის სიმშრალე, ბრონქიტის გამწვავება და სხვა.

მტვრის წვრილი ნაწილაკები განსაკუთრებით პრობლემურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ასთმა, ალერგია, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ასევე მაღალი არტერიული წნევა, გულის არითმია, იზრდება გულის შეტევის ალბათობა ხანდაზმულებში.


ასევე შესაძლოა გაგიღიზიანდეთ თვალები, აგეწვათ ისინი ან ცრემლიანობა გამოიწვიოს.


ბავშვებს უფრო მგრძნობიარე ფილტვები აქვთ, ამიტომ მათთვის ალერგიის და სუნთქვასთან დაკავშირებული რისკები უფრო მაღალია.

რაც შეეხება რისკების შემცირებას, მედიკოსები რამდენიმე რეკომენდაციას გვაძლევენ:

დახურეთ ფანჯრები


განსაკუთრებით მაშინ, როცა გარეთ მტვრის მაღალი კონცენტრაციაა.


გამოიყენეთ ნიღბები გარეთ გასვლისას.


გამოიყენეთ ოთახის ჰაერის გამწმენდები,  დალიეთ მეტი სითხე, რადგან წყალი და თბილი ჩაი ფილტვებსა და ლორწოვან გარსებზე დადებითად მოქმედებს.


არ გაფინოთ სარეცხი გარეთ, რადგან მტვერი ადვილად ედება ქსოვილებს.


სახლი სველი წესით დაალაგეთ - მტვერი ჰაერში აღარ „აფრინდება“, როცა ზედაპირებს ნესტიანი ტილოთი წმენდთ.
ნუ ივარჯიშებთ გარეთ, განსაკუთრებით - ინტენსიური დატვირთვით, რადგან ინტენსიური სუნთქვის შედეგად ფილტვებში დიდი რაოდენობით მტვერი ხვდება.