ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 17 ნოემბერს საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის მსოფლიო დღე აღინიშნება. მისი მიზანია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისა და მისი აღმოფხვრის გზების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საშვილოსნოს ყელის კიბო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი და თავიდან აცილებადი პრობლემაა. იგი, გლობალურად, მეოთხე ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალებში. შემთხვევათა 95%-ზე მეტი დაკავშირებულია ადამიანის პაპილომავირუსთან. საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაცია შესაძლებელია პრევენციის, სკრინინგისა და მკურნალობის ერთიანი და ეფექტური მიდგომებით.
მსოფლიო დღე უერთდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საშვილოსნოს ყელის კიბოს გლობალური ელიმინაციის 2030 წლის მიზნებს.
2030 წლის სამიზნეებია:
• გოგონების 90%-ის ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინიით მოცვა 15 წლის ასაკში.
• ქალების 70%-ის საშვილოსნო ყელის კიბოს სკრინინგით მოცვა 35 და 45 წლის ასაკში.
• საშვილოსნოს ყელის დაავადების მქონე ქალების 90%-ის მკურნალობა.
საქართველოში, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის და ადრეული გამოვლენის მიზნით, სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში ხორციელდება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, რომელიც ტარდება 25-60 წლის ქალებში 3 წელიწადში ერთხელ. სკრინინგი ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში და უფასოა მიზნობრივი პოპულაციებისათვის. სკრინინგი უსაფრთხო და სწრაფი პროცედურაა და მისი მიზანია ჯანმრთელი პოპულაციის გამოკვლევა და ადრეული სიმპტომების გამოვლენამდე ცვლილებების აღმოჩენა, რაც ეფექტური მკურნალობის და განკურნების საშუალებას იძლევა.
სკრინინგის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც ოჯახის ექიმის, ასევე ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით ბმულზე: https://booking.moh.gov.ge/ გარდა ამისა, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შედის სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების სიაში და ტარდება 10-11-12 წლის გოგონებსა და ბიჭებში. ასევე, დამატებითი ღონისძიების სახით, ვაქცინაცია უტარდება 13 - 45 წლის გოგონებსა და ქალებს და 13 – 26 წლის ბიჭებსა და მამაკაცებს. ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში.
აცრის დასაგეგმად, მიმართეთ ოჯახის ექიმს. აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის პაპილომავირუსთან დაკავშირებული კიბოს შემთხვევების 90%-ზე მეტის თავიდან აცილება! ვაქცინაცია, საშვილოსნოს ყელის კიბოს რეგულარულ სკრინინგთან ერთად, საშვილოსნოს ყელის კიბოსგან დაცვის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო გზაა!
ჩაიტარე სკრინინგი შენი ჯანმრთელობისთვის!აცერი და დაიცავი!





