,,აჭარის ბიუჯეტიდან ონკოლოგიის მიმართულებით წელს 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და სერვისით 3 500-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა. მომავალ წელს კი ამ მიმართულებით 12 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.

ამის შესახებ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, რომელიც  პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო კონფერენციას - ,,ონკოლოგიური და რადიოლოგიური სერვისები ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში“.

,,აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ონკოლოგიის მიმართულებით მუდმივად მზარდია, წელს 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და სერვისით 3 500-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა. მომავალ წელს ამ მიმართულებით 12 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკურ სერვისებს - პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი, ციფრული ტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმუნოთერაპიული მედიკამენტების დაფინანსებას. ასევე, ქვეყანაში მუშაობს სკრინინგის პროგრამები" - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

კონფერენცია, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. მომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ციფრული 3 ტესლა MRI-ს და კტ-ის დიაგნოსტიკური შესაძლებლობები, თანამედროვე რადიოთერაპიის შესაძლებლობები, თანამედროვე ონკოლოგიური სერვისები, მეტაბოლური და ანატომიური სინთეზი: PET/CT კვლევის მნიშვნელობა ონკოლოგიურ პრაქტიკაში და ა.შ.


ციფრული 3 ტესლა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი ბათუმის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს. გარკვეული კატეგორიის პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ კვლევა ჩაიტარონ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით.