დანიური კომპანია Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია, შესაბამისად, ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ ხელმისაწვდომია.
პაციენტებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ, ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს“ დაუბრუნდნენ, თუ მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული „აპიდრათი“ განაგრძონ. არჩევანის საშუალება აქვთ მათაც, ვინც თავიდანვე „აპიდრას“ იყენებდა.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Novo Nordisk-მა წინასწარ შესყიდული მედიკამენტი, საქართველოს, დროულად ვერ მოაწოდა, რის გამოც პაციენტთა ნაწილს ამ პრეპარატის მიწოდების პრობლემა შეექმნა.
თუმცა, უწყების ცნობითვე, ქვეყანაში ინსულინის დეფიციტი არ ყოფილა და ბენეფიციარებმა მკურნალობა „ნოვორაპიდის“ ანალოგი „აპიდრათი“ გააგრძელეს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში, „ნოვორაპიდი“ რაც შეიძლება სწრაფად, კვლავ ყოფილიყო ხელმისაწვდომი. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, Novo Nordisk-თან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება, რომ სამომავლოდ, მსგავსი გართულებები თავიდან იქნას აცილებული.





