Covid-19 ყოველკვირეულად მსოფლიოში დაახლოებით 1700 ადამიანს კლავს. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს და რისკ-ჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს მოუწოდებს, გააგრძელონ ამ დაავადების საწინააღმდეგო აცრების ჩატარება. 


ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ასევე საუბრობს ვაქცინაციის შემცირების საფრთხეზე. 
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალების შემთხვევების აღრიცხვა ისევ მიმდინარეობს, მონაცემები ადასტურებს, რომ ვაქცინაციით მოცვა შემცირდა ჯანდაცვის პერსონალსა და 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის, რომლებიც რისკის ყველაზე მაღალ ჯგუფებს შეადგენენ. 


ჯანმოს რეკომენდაციაა, მაღალი რისკის მქონე ადამიანებმა მორიგი ვაქცინა ბოლო დოზის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში გაიკეთონ. 


პანდემიის პერიოდში Covid-19 -სგან გარდაცვალების 7 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა მიიჩნევა, რომ ვირუსის მსხვერპლთა რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

ჯანმომ Covid-19-ის, როგორც საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობის დასრულების შესახებ 2023 წლის მაისში გამოაცხადა. პანდემია კი დასრულებულად დღემდე არ გამოცხადებულა.