ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ე.წ. მაიმუნის ყვავილის აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა.
ორგანიზაციის მონაცემებით, აფრიკის კონტინენტზე, იანვრიდან მოყოლებული დღემდე, მაიმუნის ყვავილით დაინფიცირების უპრეცედენტო ზრდა აღინიშნა. ეპიდაფეთქების შესახებ 15-მა ქვეყანამ განაცხადა. მიმდინარე წელს დაინფიცირების უკვე 2030 შემთხვევა დაფიქსირდა, შარშან კი, მთელი წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 1145-ს შეადგენდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, „მაიმუნის ყვავილი“ არის დაავადება, რომლის ტიპიური სიმპტომებია გამონაყარი კანზე, ასევე ლორწოვანი გარსის დაზიანება, რაც შესაძლოა 2-4 კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. პაციენტს ასევე აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების, ასევე ზურგის ტკივილი, სისუსტე და ლიმფური კვანძების გადიდება.
დაინფიცირება ხდება უკვე დაავადებულ ადამიანთან ან ცხოველთან, ან დაბინძურებულ საგნებთან ფიზიკური კონტაქტის შედეგად.