ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ აფრიკაში Mpox-ის (ე.წ. მაიმუნის ყვავილი) შემთხვევები იზრდება.
ექსპერტ როზამუნდ ლუისის განცხადებით, რამდენადაც შემთხვევები ისევ იზრდება, ეს ვირუსი საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. მისივე ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან დღემდე, მსოფლიოში “მაიმუნის ყვავილის“ 3100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ლუისის განცხადებით, მხოლოდ მაისში ჯანმომ 26 ქვეყნიდან მიიღო ინფორმაცია 600 დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოხატულია აფრიკაში. ამიტომ ექსპერტი მოუწოდებს სფეროს სპეციალისტებს, დაიწყონ ინტენსიური კვლევები ამ მოვლენის ძირეული მიზეზების აღმოჩენის მიზნით.
რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებლებს, ლუისის ინფორმაციით, აპრილის შემდეგ დარეგისტრირებულია ვირუსით გარდაცვალების 13 დადასტურებული შემთხვევა. ლეტალობის კიდევ ორი ფაქტი ვირუს Iib-ს უკავშირდება, რომელიც „მაიმუნის ვირუსის“ ერთ-ერთ ვარიანტს წარმოადგენს.
ლუისმა ყურადღება გაამახვილა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებულ ვითარებაზე, სადაც, მისი ინფორმაციით, ვირუსის მასშტაბური ეპიდემიაა. კერძოდ, მხოლოდ 2024 წელს 9300 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების საიტზე განთავსებული ინფორმაციით, 2022-2023 წლებში და 2024 წლის 12 ივნისამდე პერიოდში, მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილის“ 100 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. გარაცვალების მაჩვენებელი 0,5%-ს შეადგენს.
„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ინფექციონისტები ვირუსუს მთელ მსოფლიოში აქტიურად გავრცელების პროგნოზით გამოდიან. მათი თქმით, არსებობს რისკი, რომ ვირუსი უფრო სერიოზული სიმპტომებით გამოვლინდეს და სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდოს.
რაც შეეხება საქართველოს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების საიტზე განთავსებული რუკის თანახმად, ჩვენს ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 2 შემთხვევაა დადასტურებული და არცერთი გარდაცვალების ფაქტი.
იმის შესახებ, რომ საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დადასტურდა, 2022 წლის ივნისში გახდა ცნობილი. მეორე შემთხვევის შესახებ კი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
დაავადებას ახასიათებს ტემპერატურის მატება, საერთო სისუსტე და გამონაყარი, რომელსაც წინ უძღვის ლიმფური ჯირკვლების გადიდება. გამონაყარი ვრცელდება ძირითადად სახისა და კიდურების არეში.
რაც შეეხება დაავადების გადადების გზებს, დაინფიცირებისთვის საჭიროა კონტაქტში მოხვედრა სეკრეტებთან, ანუ გამონაყრის შიგთავსთან შეხება. ჰაეროვანი გზით ეს ინფექცია საერთოდ არ გადადის, წვეთოვანი გზით კი – ძალიან რთულად, მინიმუმ 3 საათიანი კონტაქტის პირობებში 2 მეტრზე ნაკლები დისტანციით.