ევროპის მარეგულირებელმა დაამტკიცა Pfizer-ის პრეპარატი, რომელიც კუჭის ანთებითი დაავადების -  წყლულოვანი კოლიტის მკურნალობისთვისაა განკუთვნილი. 


Reuters-ი წერს, რომ, არსებული შეფასებებით, პრეპარატის გაყიდვების მოცულობამ შესაძლოა, 2,2 მილიარდი დოლარი შეადგინოს. 


მედიკამენტი დამტკიცებულია 16 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებში გამოყენებისთვის, რომლებშიც მანამდე ჩატარებულმა მკურნალობამ სათანადო შედეგი ვერ გამოიღო.

მედიკამენტი მას შემდეგ დამტკიცდა, რაც ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევებმა ამ პრეპარატის ეფექტიანობა და უსაფრთხოება დაამტკიცა. 

Pfizer-ის მონაცემებით, ევროპაში წყლულოვანი კოლიტი დაახლოებით 2,6 მილიონ ადამიანს აწუხებს. 
ამასთან, კომპანიას ჯერ არ გაუცია პასუხი, როგორია მოთხოვნა მის ახალ წამალზე და ასევე როგორია პრეპარატის ღირებულება და, შესაბამისად - ხელმისაწვდომობა.  

Velsipity, რომელიც აშშ-ში გასული წლის ოქტომბერში დამტკიცა, მიეკუთვნება იმ მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ორგანიზმის იმუნური პასუხის რეგულირებისთვის გამოიყენება. მედიკამენტი, სავარაუდოდ, Zeposia-ს კონკურენტი გახდება, რომელსაც კომპანია Bristol Myers Squibb-ი აწარმოებს.

ოქტომბერში კომპანია Leerink Partners-მა პრეპარატის გაყიდვები 2030 წლისთვის 2,2 მილიარდ დოლარად შეაფასა.