ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, სხვა საკითხებთან ერთად, დღეს  ფაგების ტექნოლოგიებსა და ამ პროდუქტის პერსპექტივებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს. „დღეს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნა, საქართველოს შეუძლია, მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით,“ - აღნიშნა კობახიძემ. 


ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ კი განაცხადა, რომ ფაგებზე მოთხოვნის ზრდა მსოფლიო ტრენდია, რადგან ანტიბიოტიკები სულ უფრო კარგავს მოქმედებას ინფექციებსა და სხვადასხვა დაავადებაზე.

„ვხედავთ მსოფლიო ტრენდს, როგორ იზრდება მოთხოვნა ფაგებზე იმ დროს, როცა ანტიბიოტიკები რეზისტენტულობას კარგავს და ბევრ დაავადებასთან თუ ინფექციებთან მიმართებაში საერთოდ უფუნქციოა. დღეს მსოფლიოში წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები, გიგანტები, როგორიცაა „ფაიზერი,“ „ასტრაზენეკა,“ მრავალმილიონიან, მილიარდიან ინვესტიციებსაც კი ახორციელებენ ფაგების განვითარების ხელშესაწყობად. საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია სამეცნიერო მიმართულებით. ახლა ჩვენი ფოკუსი იქნება სამეცნიერო ცოდნა, სამეცნიერო გამოცდილება კომერციალიზაციაში გადავზარდოთ,“ - განაცხადა კასრაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ბიოქიმფარმი“ ამ დროისთვის ბოლო ფარმაცევტული  კომპანიაა, რომელმაც საქართველოში GMP სერტიფიკატი მიიღო. 
 
როგორც „ბიოქიმფარმის“ მენეჯერი რატი ღოლიჯაშვილი jandacva.ge-სთან აცხადებს, მათი საწარმო არის ფაგების პირველი ინდუსტრიული წარმოება მსოფლიოში, რომელსაც GMP სერტიფიკატი გააჩნია.
მისი თქმით, კომპანიას მიეცა უფლება, აწარმოოს ნებისმიერი, სტერილური, თხევადი ფორმის მედიკამენტი, მათ შორის ვაქცინები.


მისივე განცხადებით, „ქართული პროდუქცია მსოფლიოში მილიონობით პაციენტს მისწვდება“.


„ანტიბიოტიკებთან შედარებით მისი განმასხვავებელი თვისებაა სიზუსტე, ისაა ანტიბიოტიკების ჯანსაღი ალტერნატივა. „ჯიტას“ 650 ათასლარიანი გრანტი იყო ერთერთი მოტივატორი და ძალიან დაგვეხმარა კიდევ უფრო მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებაში, როგორიცაა მაგალითად 17 მილიონი ლარის ინვესტიცია კომპანიის არსებული საწარმოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. კომპანიამ განახორციელა ფაგების ისტორიული საწარმოს მოდერნიზაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული უნიკალური ფაგები ევროპული საერთაშორისო სტანდარტით იწარმოება და უმაღლესი სტანდარტის შესაბამისია,“ – აღნიშნა  ღოლიჯაშვილმა.