2 თვეში რუხის კლინიკა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ 354 პაციენტს მოემსახურა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუხის საავადმყოფოში სამედიცინო სერვისი მიიღეს გალში, ოჩამჩირეში, გულრიფში, გაგრაში, გუდაუთასა და სოხუმში მცხოვრებმა პაციენტებმა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, რომელიც 2020 წელს, კოვიდ-კლინიკის სტატუსით გაიხსნა, ორი თვეა, რაც მრავალპროფილური დაწესებულების სახით დაიწყო ფუნქციონირება.
კლინიკაში ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, ყბა-სახის ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, უროლოგიის, თორაკოქირურგიის, კარდიოლოგიის და სხვა მიმართულების განყოფილებები ამოქმედდა.
2 თვის განმავლობაში, საავადმყოფომ უკვე 2000-ზე მეტ პაციენტს გაუწია სამედიცინო მომსახურება.
კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, სამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები სარგებლობენ.
კლინიკა, ამ ეტაპზე, 140 საწოლზეა გათვლილი. პაციენტებს როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული სერვისის მიღება შეუძლიათ. ასევე, ფუნქციონირებს 24-საათიანი გადაუდებელი მედიცინის განყოფილება.
რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო, ამ დროისთვის რეგიონში, ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ენდოპროთეზირებისა და სხვადასხვა სირთულის ნეიროქირურგიული ოპერაციები კეთდება, ასევე - თორაკოქირურგიული ოპერაციები, თორაკოსკოპიის საშუალებით.