ის პრინციპი, რომელიც პაციენტს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იმპლანტის შერჩევის და ამაში თანხის დამატების უფლებას არ აძლევს, უნდა შეიცვალოს, რადგან „დიარჯის“ სისტემით ასეთი ოპერაციებისთვის განსაზღვრული ტარიფი არ იძლევა კარგი ხარისხის მასალის გამოყენების საშუალებას.

ამის შესახებ ტრავმატოლოგმა ლევან ჩიკვატიამ jandacva.ge-სთან ისაუბრა. 


შეგახსენებთ: მიმდინარე წლის იანვარში ლევან ჩიკვატიამ განაცხადა, რომ  DRG-ს ამოქმედებლი ფორმა „დამღუპველია ტრავმატოლოგია-ორთოპედიისთვის“ და იძულებულია, შეწყვიტოს  პრაქტიკული მოღვაწეობა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. საკუთარი გადაწყვეტილების ახსნისას ტრავმატოლოგი ამბობდა, რომ იმპლანტის ხარისხის განმსაზღვრელია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის რეესტრები, საქართველოში კი მათგან მხოლოდ რამდენიმე მოიპოვება. ლევან ჩიკვატიას მაშინდელი განცხადების თანახმად, „დიარჯის“ ფასების გათანაბრებამ გამოიწვია უხარისხო, რეგისტრში არ არსებული იმპლანტების ამოტივტივება, რაც მომავალში, ჩატარებული ოპერაციის ხარისხისა და შედეგის პირდაპირპროპორციულია.


მან „ნაგავი” უწოდა იმ იმპლანტებს, რომელთა ჩაყენებაც არსებული ტარიფის პირობებშია შესაძლებელი. 
როგორც jandacva.ge-სთვის გახდა ცნობილი, ლევან ჩიკვატია კლინიკურ საქმიანობას აგრძელებს და ორ კერძო კლინიკაში - „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისსა“ და ბოკერიას საუნივერსიტეტო კლინიკაში ტრავმატოლოგიურ ოპერაციებს აკეთებს და პაციენტებს კონსულტაციებსაც უწევს, მათ შორის - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. 


jandacva.ge-მ ლევან ჩიკვატიას მიმართა კითხვით, თუკი საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ხარისხიანი იმპლანტებით ოპერაციის გაკეთება შეუძლებელია, ოპერაციებს უხარისხო მასალებით აკეთებს, თუ ამ კუთხით რაიმე ცვლილება მოხდა?


ტრავმატოლოგი საიტთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამ თვეების განმავლობაში  ჯანდაცვის სამინისტროს ამ კუთხით ცვლილებები არ განუხორციელებია, თავად კი, რამდენიმეთვიანი წყვეტის შემდეგ, დაუბრუნდა კლინიკურ საქმიანობას, რადგან, გაბრაზების მიუხედავად, მას არც მორალური და არც იურიდიული უფლება არ აქვს, პაციენტებს მკურნალობაზე უარი უთხრას. თუმცა ლევან ჩიკვატია ამბობს, რომ „დიარჯით“ შემოთავაზებული დაბალი ტარიფების გამო, იძულებულია, ოპერაციები ისევ დაბალი ხარისხის იმპლანტებით ჩაატაროს, რამაც რამდენიმე წელიწადში, შესაძლოა, პაციენტებისთვის გარკვეული გართულებები და მისი გამოცვლის აუცილებლობა გამოიწვიოს, რაც ისევ სახელმწიფოს გადასახდელი იქნება.
 
„სხვა გამოსავალი არ დამიტოვეს. მაშინ უნდა შევეშვა ამ საქმიანობას ან წავიდე. ჩემი მიზანია, საქართველოში ტრავმატოლოგია აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო იყოს და ამის საშუალება ჩვენ გვქონდა,“ - განმარტავს ჩიკვატია და დარგში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. 
მისი თქმით, კლინიკაც და ქირურგიც დაინტერესებულნი არიან, რომ პაციენტს მაღალი ხარისხის ოპერაცია ჩაუტარონ. 


ამასთან, პაციენტს არჩევანის გაკეთება არ უნდა უხდებოდეს - გაიკეთოს ოპერაცია საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებით, რომლის ჯამური ტარიფიც ზოგიერთი ჩარევის შემთხვევაში იმპლანტის ღირეულებასაც ვერ ფარავს, ან გავიდეს საყოველთაოდან და მთელი ოპერაციის თანხა თავად გადაიხადოს, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. 

მისი თქმით, როდესაც კლინიკას უწევს ოპერაციის დაბალი ტარიფით გაკეთება, ის ხარჯებს ექიმის ხელფასს აკლებს და შედეგად, ქირურგს მრავალსაათიან ოპერაციაში 50-დან 120 ლარამდე თანხა რჩება.

„გასაგებია, რომ საქართველო არაა შვეიცარია. ამიტომ სახელმწიფომ უნდა თქვას, რომ არ აქვს ძვირადღირებული ოპერაციების დაფინანსების საშუალება და უნდა მისცეს არჩევანი ადამიანებს, რომ საკუთარი სახსრებით გააუმჯობესონ სამედიცინო სერვისის ხარისხი, თორემ მანკიერი წრე შეიკვრება, როცა ქირურგი უხარისხი იმპლანტს გამოიყენებს, პაციენტი 1-2 წელიწადში ვერ გაივლის და ისევ კლინიკას მიმართავს, ოპერაცია კი ისევ სახელმწიფომ უნდა დაუფინანსოს. ეს გზა უკვე გაიარეს ავსტრიამ, შვეიცარიამ და სხვა ქვეყნებმა. რატომ იხდის დღეს შვეიცარია იმპლანტში 30 ათას ევროს? იმიტომ, რომ დათვალეს, რომ დაჩირქებული პროთეზის შეცვლა 50 ათასი ჯდება,“ - განაცხადა ლევან ჩიკვატიამ და აღნიშნა, რომ გამოსავალი კონსტრუქციულ დიალოგსა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაშია.

ცნობისთვის: ჯანდაცვის სამინისტრომ, ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების (კორონარული სტენტი, ბროლი, ორთოპედიული ენდოპროთეზი) მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები მიმდინარე წლის აპრილში დაამტკიცა.


ცვლილების შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების, FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალები გამოიყენოს. სიახლე პირველი მაისიდან ჩატარებულ ქირურგიულ მომსახურებებზე გავრცელდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განმარტა, რომ „მოთხოვნილია კონკრეტული სერტიფიკატები, ევროპულ და ამერიკულ რეგისტრებში რეგისტრაცია და ყველა ის მასალა, რომელიც კლინიკამ უნდა გამოიყენოს, უნდა იყოს კარგი ხარისხის.  ის მასალა, რომელიც ექიმმა შესაძლოა შესთავაზოს პაციენტს, შეიძლება არის უკეთესი ხარისხის, მაგრამ პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსებული მასალა არის ხარისხიანი, არაა სახიფათო და არის გრძელვადიანი.“


მანამდე ღუდუშაურმა განაცხადა, რომ ტრავმატოლოგიისა და ოფთალმოლოგიის მიმართულებით, სადაც სახარჯი მასალების რაოდენობა ოპერაციის ნაწილში მნიშვნელოვანი კომპონენტია, ექიმების და კლინიკების მხრიდან პრეტენზიები ფიქსირდებოდა.

„ამ მიმართულებით ჩავატარეთ კვლევა, შევხვდით შემომტან კომპანიებსაც და შევხვდით ზოგიერთ კლინიკასაც. ამ ეტაპზე დაწესებული ტარიფები სავსებით შეესაბამება იმ სახარჯ მასალებს, რომლებიც  გამოიყენება ოპერაციების დროს და რომლებიც აქამდეც გამოიყენებოდა და მომავალშიც გამოიყენება. სახარჯი მასალების ნაწილში, რომლებიც ქვეყანაშია და რომელთა რეესტრი არსებობს, არაფერი შეცვლილა, იგივე სახარჯი მასალები გამოიყენება და ეს სახარჯი მასალები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს, არის კარგი ხარისხის. თუმცა არსებობს კარგი სახარჯი მასალა, პრემიუმ სახარჯი მასალა და პრემიუმზე კიდევ უკეთესი ხარისხის. ზოგიერთ ექიმს და კლინიკას პაციენტები უბრალოდ შეცდომაში შეჰყავს და ეუბნებიან, რომ სახარჯი მასალა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, არის უხარისხო. ეს ცალსახად არის დარღვევა, არის ტყუილი და ამ ნაწილზე ჩვენ აუცილებლად გვექნება რეაგირება როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე კლინიკების ნაწილში,“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ მიმდინარე წლის იანვარში. 

jandacva.ge