ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კიბოთი დაავადებული პაციენტების და მათ შორის ბავშვების განკურნების მაჩვენებელი პირდაპირაა დამოკიდებული ფულად სახსრებზე. მართალია, საქართველო არ ითვლება მაღალშემოსავლიან ქვეყნად, თუმცა ამის მიუხედავად, სახელმწიფოს მიერ ამუშავებულმა პროგრამებმა ონკოპაციენტ ბავშვებს შესაძლებლობა მისცა, მსოფლიოს თანამედროვე ონკოლოგიური სერვისებით სრულფასოვნად ისარგებლონ. ამ მიზნით ქვეყანაში რამდენიმე თვეა, სპეციალური პროგრამა მოქმედებს, რომელშიც უკვე უცხოეთის 6 მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. იქ, სახელმწიფოს მეთვალყურეობით, საქართველოდან წასული პაციენტები ყველა საჭირო მკურნალობას იღებენ. რიგ შემთხვევებში ფინანსდება მშობლის უცხოეთში გამგზავრების და ცხოვრების ხარჯებიც.

ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, ესაა ისტორიული პროექტი, როცა სახელმწიფომ შეძლო და აიღო სრული გარანტია იმაზე, რომ ყველა ბავშვს, ვისაც ექნება ონკოლოგიური დიაგნოზი, უმკურნალებენ მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში, მათ შორის ყველაზე თანამედროვე მეთოდებით, მაგალითად ისეთით, როგორიც არის პროტონოთერაპია.

პროგრამის ბიუჯეტი 30 მილიონი ლარია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში თანხა გაიზრდება. მინისტრის ვარაუდით, წელიწადში ამ პროგრამით დაახლოებით 300-მდე ბავშვი ისარგებლებს.

ამასთან, უკვე დაანონსებულია, რომ ქვეყანას ექნება მძლავრი ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი. პროექტი უკვე დამუშავების ეტაპზეა და მოიაზრება რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთ ცალკე მდგომ ბლოკად, სადაც განთავსებული იქნება ბავშვთა ონკოლოგია.

ამასთან, მინისტრის თქმით, ქუთაისში განთავსდება უნიკალური, პროტონოთერაპიის ცენტრი.  


„ეს შესაძლებლობა მაგალითად ამ სამი პარტნიორი ქვეყნიდან მხოლოდ ესპანეთს აქვს და არ აქვს თურქეთს, ისრაელს. მერწმუნეთ, ძალიან დიდი საქმეა, რომ საქართველოში იქნება პროტონოთერაპიის ცენტრი. ბავშვთა ონკოლოგიის ცენტრის პროექტს ჩვენ რამდენიმე პარტნიორთან ვამუშავებთ, მათ შორის არის ისრაელი, სადაც ჩვენი წარმომადგენლები ჩავიდნენ, თავად ისრაელიდანაც ჩამოვიდნენ საქართველოში და ისინი ძალიან გვეხმარებიან, რომ საქართველოს სრულყოფილი ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკა ჰქონდეს“, – განაცხადა აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს მსოფლიო ბავშვთა კიბოს დღეს აღნიშნავს.