2025 წელს მარილის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული 12-18 მაისს ტარდება სლოგანით “5 ნაბიჯი 5 გრამამდე“.
კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მარილის ჭარბი მოხმარებით გამოწვეულ ჯანმრთელობის ზიანზე და ფოკუსირებულია ხელი შეუწყოს მოსახლეობაში მარილის მოხმარების დღიური რაოდენობის 5 გრამამდე შემცირებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომებით.
მიმდინარე წლის გლობალური კამპანიის თემაა „აღმოაჩინე დაფარული მარილი - აკონტროლე შენი თეფში“ და ყურადღებას ამახვილებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ინდუსტრიის პასუხისმგებლობაზე, ვინაიდან მიღებული მარილის სამი მეოთხედი მიიღება უკვე შეფუთული და მზა საკვების საშუალებით.
მარილის ჭარბი მოხმარება გლობალური საფრთხეა და მას უკავშირდება დაახლოებით 2 მილიონი სიკვდილის შემთხვევა ყოველწლიურად.
მარილის ჭარბი მოხმარება არტერიული ჰიპერტენზიის ერთ-ერთი ძირითადი რისკ-ფაქტორია, რაც თავის მხრივ, ზრდის გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს; მარილი ასევე წარმოადგენს კუჭის კიბოს, სიმსუქნის, ოსტეოპოროზის და თირკმლის დაავადებების რისკ-ფაქტორს.
მოზრდილ მოსახლეობაში მარილის მოხმარება გლობალურად, დღეში საშუალოდ 10.8 გრამს შეადგენს, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ნორმას (5გ/დღეში) 2-ჯერ აღემატება.
საქართველოში, ზრდასრულ მოსახლეობაში მარილის საშუალო დღიური მოხმარება 15.8 გრ-ს (მამაკაცებში 17.3 გრ., ქალებში 13.4 გრ.)შეადგენს. მარილს ჭარბად მოიხმარს მოსახლეობის 96.5%; მავნე ჩვევა მამაკაცებში ბევრად უფრო გავრცელებულია, ვიდრე ქალებში (99.3% და 93.9%).
მარილის მოხმარების შემცირების “5 ნაბიჯი 5 გრამამდე“:
1. შეამოწმეთ ეტიკეტი და აირჩიეთ პროდუქტები მარილის დაბალი შემცველობით.
2. მარილის ნაცვლად, უპირატესობა მიანიჭეთ სუნელებს, საკვების გემოვნური თვისებების გასაუმჯობესებლად.
3. გამოიყენეთ ნაკლები ნატრიუმის შემცველი მარილები, სანელებლები და სოუსები.
4. კარგად გაავლეთ წყლით კონსერვირებული ბოსტნეული.
5. მიირთვით ახალი, ჯანსაღი და მინიმალურად გადამუშავებული პროდუქტები.
ნაკლები მარილი - უკეთესი ჯანმრთელობა!