ფარმაცევტული ბაზარი
ყოველთვიურად, სახელმწიფო პაციენტებს 4-დან 6 მილიონამდე ლარის მედიკამენტებს უფინანსებს

მიმდინარე წლის ივნისში, მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 4,3 მილიონი ლარის მედიკამენტები გაიცა. აქედან უმეტესი ნაწილი - 3 მილიონზე მეტი პენსიონერებზე მოდის, 850 ათას ლარზე მეტი - სოცდაუცველებზე, 385 ათასი ლარი კი შშმ პირებზე. თვეების მიხედვით, აღნიშნული პროგრამით მოსარგებლეებზე გაცემული მედიკამენტების ღირებულება შემდეგია: მაისი - 4,6 მილიონი ლარი, აპრილი 5,1 მილიონი, მარტი - 4 მილიონამდე, თებერვალი - 5 მილიონი, იანვარი - 5,9 მილიონ ლარამდე. ინფორმაციის წყარო ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოა.შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის შედეგად 2024 წლიდან სრულად მოიხსნა ქრონიკული მედიკამენტების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის წლიური ლიმიტი და 350,000 ადამიანს ყოველდღიურად, სრულიად უფასოდ, მთელი წლის მანძილზე მიეწოდებათ საჭირო მედიკამენტები. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამას მიმდინარე წლის იანვრიდან გლაუკომის პრეპარატები დაემატა, რომლებსაც სახელმწიფო შესაბამის კატეგორიაში შემავალ პირებს სრულად უფინანსებს. ამასთან, მიმდინარე წლიდან შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის (ტიპი 2), პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები მთელი წლის განმავლობაში სრულად უფინანსდებათ.

Astrazeneca კიბოს პრეპარატების განვითარებას აგრძელებს და ფინანსურ რეკორდებს აღწევს

ფარმაცევტული გიგანტის AstraZeneca-ს საბაზრო ღირებულებამ 200,3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს (233,14 მილიარდი ევრო) მიაღწია და შედეგად, გახდა დიდი ბრიტანეთის ბირჟაზე კოტირებული ერთადერთი კომპანია, რომელსაც ასეთი მაჩვენებელი აქვს. წარმატებაზე გავლენას ახდენს კომპანიის მიღწევები კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტების პორტფელში.კომპანიის აქციები წლის დასაწყისიდან 19%-ზე მეტად გაიზარდა. AstraZeneca-ს გენერალურმა დირექტორმა პასკალ სორიომ მანამდე განაცხადა, რომ კომპანიას სურს 2030 წლისთვის წლიური შემოსავალი 80 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს. ამ განცხადებას წინ უძღოდა კომპანიის სტრატეგიის წარმოდგენა, რომელიც  კვლევებისა და სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას ეფუძნება.2030 წლისთვის AstraZeneca გეგმავს 20 ახალი დასახელების მედიკამენტის გამოშვებას.ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიამ მიაღწია წარმატებას წონის კლების პრეპარატების ბაზარზეც, რომელზეც ამ ეტაპზე დომინანტები არიან Eli Lilly და Novo Nordisk. კომპანიამ შეთანხმება გააფორმა ჩინეთის ბიოტექნოლოგიურ ფირმა Eccogene-თან, რომელთან თანამშრომლობით იგეგმება წონის კლების ექსპერიმენტული პრეპარატის შექმნა. პროექტის ბიუჯეტი 1,86 მილიარდი ევროა. თუმცა ფარმაცევტულ კომპანიას ყველა მიმართულებით არ აქვს წინსვლა. AstraZeneca-ს მერსისაიდში არსებული ვაქცინების საწარმო შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს სახელმწიფო დაფინანსების შესაძლო შეწყვეტის გამო. 

ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტიორებისთვის GMP და GDP სტანდარტი იანვრიდან ამოქმედდება

მომავალი წლიდან GMP- GDP-სტანდარტის დაკმაყოფილება ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტიორებისთვისაც სავალდებულო ხდება.ფარმაცევტული საწარმოებისთვის ჯიემპი სტანდარტის დაკმაყოფილება სავალდებულო 2022 წლის 1 იანვრიდან გახდა. თუმცა პროცესი ეტაპობრივად წარიმართა.ესაა სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს მაღალი სტანდარტების შენობა-ნაგებობების, მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების, წყლის და ჰაერის ვენტილაციის სისტემისა და ტრანსპორტირების სტანდარტების დანერგვას და სხვა მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივად წარმოებული ფარმაცევტული პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ექსპორტისთვის, ასეთი ტიპის ფარმაცევტული წარმოება 2025 წლის 1 იანვრამდე თავისუფალია საქართველოს ნაციონალური GMP-ის სტანდარტის ფლობის ვალდებულებისგან. შესაბამისად, ექსპორტიორები ახალ რეგულაციებს რამდენიმე თვეში დაექვემდებარებიან. GMP სერტიფიკატი საქართველოში ბოლოს  „ბიოქიმფარმმა“ მოიპოვა. ისაა მეოთხე საწარმო ქვეყანაში, რომელიც აღნიშნულ სერტიფიკატს ფლობს. მანამდე ეს სერტიფიკატი მიიღეს „ავერსი რაციონალმა “, „ჯი ემ ფარმასიუთიქალმა “ (PSP-ს საწარმო) და ანტიბიოტიკების მწარმოებელმა კომპანია „აბიფარმმა“. GDP-სტანდარტი კი, რომელიც დისტრიბუციის პირობებს განსაზღვრავს, ათეულობით კომპანიას აქვს.

საქართველოდან მედიკამენტების უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანი გახდა

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე 7,7 მილიონი აშშ დოლარის მედიკამენტები გავიდა. შარშან იგივე თვეში ეს მაჩვენებელი 7,4 მილიონი იყო.საქსტატის მონაცემებით, მედიკამენტების უმსხვილესი შემსყიდველი აზერბაიჯანია, სადაც  2,9 მილიონი დოლარის დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა. მეორე ადგილზეა უზბეკეთი 2,7 მილიონი დოლარით, მესამეზე - ყირგიზეთი 636 ათასი დოლარით.გარდა ამ სამი ქვეყნისა, საქართველოდან მედიკამენტები შემდეგი ქვეყნების ბაზრებზე გავიდა: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, გაერთიანებული სამეფო.გასული წლის იგივე თვეში მედიკამენტების უმსხვილესი შემსყიდველი ყირგიზეთი იყო, აზერბაიჯანი მეორე, სომხეთი კი მესამე ადგილს იკავებდა.