იმ მოქალაქეების ინტერესების დაცვის მიზნით, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუცვლია ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობა, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ ერთი თვის განმავლობაში, ოქტომბრამდე, ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებზე შეუფერხებელი წვდომა შეუნარჩუნდეთ. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პირველი ივლისიდან, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს იურიდიული ძალა დაეკარგა. ამის მიუხედავად, ჯანდაცვისა და სოციალური სერვისებით სარგებლობისთვის, სახელმწიფომ მოქალაქეებს, ვინც ვერ მოასწრო პირადობის მოწმობების გამოცვლა, აღნიშნული სერვისებით სარგებლობის ვადა 1 აგვისტომდე გაუხანგრძლივა, ახლა კი იგივე გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ იქნა მიღებული.
„პირს, რომელიც ფლობს 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას და ამ მოწმობის საფუძველზე სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო პროგრამებით/სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარგებლის მიმღებია ან ეს უფლება წარმოეშობა ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ და 2024 წლის 1 ივლისამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ უზრუნველყო აღნიშნული მოწმობის პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტით ჩანაცვლება, 2024 წლის 1 ოქტომბრამდე უწყვეტად გაუგრძელდეს სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო პროგრამებით/სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარგებლით უზრუნველყოფა, აგრეთვე სხვა სამედიცინო მომსახურების მიწოდება/შეუფერხებლად ისარგებლოს აღნიშნული სარგებლით/მომსახურებით, თუ არ არსებობს ამ სარგებლის/მომსახურების შეწყვეტის/შეჩერების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.“ - ნათქვამია დადგენილებაში, რომლითაც „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 ივლისის №212 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები შევიდა.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ პირებს 1-ლი სექტემბრიდან სოციალური დახმარების, პენსიის და სხვა გასაცემელების მიღება შეუძლიათ მხოლოდ შესაბამისი ბანკის ფილიალებში ვიზიტის გზით. მათ შეზღუდული აქვთ ბანკომატების და ტერმინალების გამოყენება, საბანკო გადარიცხვები და სხვა საბანკო ოპერაციები.