კოვიდპანდემიის პერიოდში დანერგილმა დისტანციურმა კონსულტაციამ მომდევნო წლებში არათუ არ დაკარგა აქტუალობა, კიდევ უფრო განვითარდა და სადაზღვევო კომპანიების ნაწილის სტატისტიკის თანახმად, პირად ვიზიტთან შედარებით გაცილებით დიდი წილი უკავია.
მომხმარებლების უმრავლესობა კვლავ ოჯახის ექიმებთან დისტანციურ კონსულტაციას ანიჭებს უპირატესობას - ამის შესახებ “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოს” 2023 წლის ფინანსურ ანგარიშგებაშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში ჯამურად ჩატარებული 185 ათასამდე კონსულტაციიდან 64% სატელეფონო (დისტანციური) იყო.
„2023 წლის თებერვალი-მარტის პერიოდში, სეზონური ვირუსული დაავადებების შემთხვევების მატების გამო, “ირაომ” კლინიკა “რეიმანთან” ერთად ახალი პროექტი - “ექიმი გისმენთ” შექმნა, რომელიც გულისხმობდა გაციებისა და ვირუსების სიმპტომების შემთხვევაში, წინასწარი ჩაწერის გარეშე, უფრო გამარტივებული პროცედურით ექიმთან სატელეფონო კონსულტაციას. პროექტის ფარგლებში დაზღვეულებს კომპანიის ცხელ ხაზზე დაფიქსირებული მოთხოვნისთანავე ექიმების მიერ ჩაუტარდათ 1038 სატელეფონო კონსულტაცია,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
„ირაო“ საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 2004 წელს გამოჩნდა. მას 100%-ით ფლობს „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“.