კომპანია Huawei-მ ჯანმრთელობის მონიტორინგის  ახალი სისტემა აამოქმედა. 


ჩინეთში გამართულ ღონისძიებაზე IT-გიგანტმა განაცხადა, რომ TruSense მომხმარებელს მრავალმხრივ მომსახურებას სთავაზობს და ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის 60-ზე მეტ მაჩვენებელს ზომავს. 
სისტემა მუშაობს დაპატენტებული ალგორითმის საფუძველზე, რომელიც სხვადასხვა მონაცემს ამონიტორინგებს, მათ შორის ემოციური კეთილდღეობისა და სტრესის დონეს. 

კომპანიამ განაცხადა, რომ მან აღნიშნული პროექტის განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადო და 150-ზე მეტ პარტნიორთან დაამყარა თანამშრომლობა.

Huawei-ს არ დაუკონკრეტებია, მის რომელ პროდუქტებში დაინერგება TruSense, თუმცა ისინი უკვე მიმდინარე თვეში, სექტემბერში გამოვა ბაზარზე.

ჩინური კომპანია სხვადასხვა მოწყობილობის სეგმენტში კონკურენციას უწევს ისეთ მსოფლიო გიგანტებს, როგორიცაა Apple, Google და Samsung-ი.

ბოლო წლებში Apple-ი, ჭკვიანი საათების ჯანმრთელობის მონიტორინგის ფუნქციებთან დაკავშირებით ორ იურიდიულ დავაში აღმოჩნდა.

თებერვალში კომპანიამ საქმე მოიგო AliveCor-ის წინააღმმდეგ. საქმე Apple Watch-ის გულის რიტმის მონიტორინგის სისტემებს ეხება.

კიდევ ერთი მიმდინარე დავა, რომელსაც კომპანია  Masimo-სთან აწარმოებს, სისხლში ჟნგბადის შემცველობას უკავშირდება. 

Apple-ის ჭკვიანი საათის ბოლო ვერსია Watch Series 9 გასული წლის სექტემბერში გამოვიდა. მისი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, სისხლის მოძრაობის პროცესში მცირეოდენი ცვლილებებიც კი დააფიქსიროს.

ივლისში Samsung-მა Galaxy Watch Ultra წარმოადგინა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესების უფრო ზუსტად აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. მათ შორისაა ძილის აპნოეს სიმპტომები. 
გასული წლის აგვისტოში Google-მა გამოუშვა ახალი Pixel Watch 3, რომელიც გულის რიტმს უფრო ზუსტად ითვლის.