ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო გამოდის ინიციატივით, სპირტიანი სასმელების შეფუთვა მარკირებული იყოს ჯანმრთელობის, მათ შორის ონკოლოგიური რისკების შესახებ.

ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, ასეთი გაფრთხილება, რომელიც თამბაქოს პროდუქციის მარკირების ანალოგიური უნდა იყოს, შესაძლოა, გახდეს მარტივი, იაფი და ეფექტიანი ზომა მომხმარებელთა

ინფორმირებისთვის.
ჯანმოს მონაცემებით, ევროკავშირში, 15 წლის და უფროსი ასაკის ერთ სულ მოსახლეზე, ალკოჰოლის მოხმარება ორჯერ აჭარბებს მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს. იგივე სტატისტიკით, ყოველი მე-19 ზრდასრული ევროპელი სპირტიანი სასმლის მოხმარებასთან დაკავშირებული მიზეზებით იღუპება. ამ გარდაცვალებების 30% კი ონკოდაავადებებზე მოდის.

ამასთან, ჯანმოს შეფასებით, ევროპაში, ამ რისკების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირებულობის დონე ძალიან დაბალია. ჯანმოს მიერ ევროკავშირის 14 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების მხოლოდ 15%-მა იცის ალკოჰოლისა და მკერდის კიბოს შორის კავშირის არსებობის შესახებ, 39-მა კი - მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ. 


ჯანმოს ევროპული ბიუროს მონაცემებით, სპირტიანი სასმლის ბოთლზე გამაფრთხილებელი წარწერის დატანა შესაძლოა იყოს ეფექტიანი ზომა იმ ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანიც ალკოჰოლის ზიანის შემცირებაა. ექსპერტების თქმით, ამ მიზნის მიღწევისთვის აუცილებელია ამგვარი პროდუქციის მიმზიდველობის შემცირება მომხმარებლების თვალში.

ასეთი კამპანიების შედეგები კი პირდაპირაა დამოკიდებული ქვეყნების საკანონმდებლო ინიციატივებზე, ასევე მარკირების დიზაინზე. ამ ეტაპზე მარკირების პრაქტიკა ევროკავშირის 27 ქვეყნიდან მხოლოდ სამშია დანერგილი, ჯანმოს ევროპული რეგიონის 53 სახელმწიფოდან კი - 13-ში.


მანამდე ჩატარებული კვლევის თანახმად, ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მოხმარებაც კი გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, და მისი უსაფრთხო მინიმალური დოზა არ არსებობს.