მსოფლიოში სამედიცინო ტურიზმის მკვეთრი ზრდა პაციენტებისთვის რისკების ზრდასაც განაპირობებს. თემას ბრიტანული „ტელეგრაფი“ აშუქებს, კერძოდ, გამოცემა აქვეყნებს სტატიას წონის კლების თემაზე.

გამოცემას მოჰყავს ქირურგიის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, ამ ტიპის ოპერაციის ჩატარების მსურველები უნდა მოერიდონ ფასდაკლებებისა და სპეციალური აქციების შემცველ შეთავაზებებს. 

საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, რომ იაფფასიანი  შეთავაზებები „იწვევს შეშფოთებას სამედიცინო დახმარების ხარისხთან დაკავშირებით.“


ახალი რეკომენდაციების თანახმად, პაციენტებმა უნდა მიმართონ მხოლოდ აკრედიტებულ ცენტრებს და არ გაიკეთონ ოპერაციები, თუ მათი სხეულის მასის ინდექსი 30-ზე ნაკლებია. 


ევროპულ რეკომენდაციებში მოცემულია გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც პაციენტების, ექიმების, ბარიატრიული ქირურგიის ცენტრებისა და სოცქსელებში მომუშავე კომპანიებისადმია მიმართული. 
მათში ნათქვამია, რომ პაციენტებს უნდა მიეწოდოს მკაფიო ინფორმაცია აღნიშნული ოპერაციის რისკებთან და უპირატესობებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, პაციენტებმა ოპერაციის შემდეგ მინიმუმ ორწლიანი მოვლის სერვისი უნდა მიიღონ.

რაც შეეხება კლინიკებს, რომლებიც სამედიცინო ტურიზმში არიან ჩართულები, მათ აცნობეს, რომ პაციენტები არ უნდა აღმოჩნდნენ უცხოეთში ჩასატარებელი ბარიატრიული ქირურგიის შესახებ მიზნოვრივი რეკლამის გავლენის ქვეშ სოციალურ ქსელებში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჭარბი წონის „არაუსაფრთხო“ ოპერაციები ძალიან გავრცელებულია და სამედიცინო ტურზმიც არ რეგულირდება. სტატიის მიხედვით, მეტაბოლური ქირურგიისა და ჭარბი წონის ბრიტანული საზოგადოების სტატისტიკით, ყოველწლიურად ბარიატრიული ოპერაციის ჩატარების მიზნით უცხოეთში 5 ათასი ბრიტანელი მიდის.

მედიკოსები ამბობენ, რომ მოქალაქეები უცხოეთში ბრიტანეთში სამედიცინო სერვისის ხანგრძლივი მოლოდინის გამო მიდიან. ამ კუთხით ყველაზე პოპულარული მიმართულებები თურქეთი და სამხრეთ აფრიკაა.

ექიმი ლოურენს დობი, რომელიც ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერ-თანამშრომელია, ამბობს: „მთელს ევროპაში ადამიანები, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ, ხშირად საკუთარ ქვეყნებში  წლობით ელოდებიან ან საერთოდ ვერ იღებენ ჭარბი წონის ქირურგიულ მკურნალობას, რაც ბევრ მათგანს უცხოეთში მკურნალობის სურვილს უჩენს. თუმცა მიმწოდებელთა ნაწილი არ იცავს სამედიცინო მომსახურების საბაზო სტანდარტებს. ეს კი სერიოზულ ტრავმებსა და, სამწუხაროდ, სიკვდილსაც კი იწვევს.“


ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს მხოლოდ თურქეთში სხვადასხვა, მათ შორის ბარიატრიული ოპერაციის წარუმატებლად ჩატარების შედეგად 6 ბრიტანელი დაიღუპა.