ეროვნულ სკრინინგ ცენტრში სიახლეა - ცენტრის ოთხივე ფილიალი ახალი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა.


გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) პარტნიორობის ფარგლებში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს გადაეცა შშმ პირებისთვის ადაპტირებული ოთხი გინეკოლოგიური სკამი და ჰისტეროსკოპი, რომელიც საშუალებას იძლევა, შესაბამისი საჭიროების მქონდე პირებმა სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება მიიღონ.


აღნიშნული სამედიცინო აღჭურვილობა და ტექნიკა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, UNFPA-ს საქართველოს ოფისის დირექტორ მარიამ ხანთან და TIKA-ს თბილისის კოორდინატორ ზეინეფ ბაირაქისთან ერთად დაათვალიერა.


ეთერ კიღურაძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობა, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა, პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული ძალისხმევა და შშმ პაციენტებისთვის შეთავაზებული სამედიცინო სერვისები გააცნო.


„კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ვიამაყო ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო სერვისის ხარისხის გაუმჯობესებით, რაც საშუალებას გვაძლევს, შშმ პირებს, მაღალპროფესიონალ სამედიცინო პერსონალთან ერთად, სამედიცინო სერვისის მისაღებად, მათთვის მაქსიმალურად ადაპტირებული გარემო დავახვედროთ, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისს. ასევე, განსაკუთრებულია თბილისის მერიის წვლილი ზოგადად სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და ცენტრის უახლესი აპარატურით გადაიარაღების საქმეში. აქვე მინდა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს, რასაც დიდად ვაფასებთ“, -
განაცხადა ეთერ კიღურაძემ.

ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, ასევე, იმყოფებოდნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე მელიქე ილმაზ ოზქიფერი, დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის
თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე.