მიმდინარე წლის ივნისში, მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 4,3 მილიონი ლარის მედიკამენტები გაიცა. აქედან უმეტესი ნაწილი - 3 მილიონზე მეტი პენსიონერებზე მოდის, 850 ათას ლარზე მეტი - სოცდაუცველებზე, 385 ათასი ლარი კი შშმ პირებზე. 

თვეების მიხედვით, აღნიშნული პროგრამით მოსარგებლეებზე გაცემული მედიკამენტების ღირებულება შემდეგია: მაისი - 4,6 მილიონი ლარი, აპრილი 5,1 მილიონი, მარტი - 4 მილიონამდე, თებერვალი - 5 მილიონი, იანვარი - 5,9 მილიონ ლარამდე. 


ინფორმაციის წყარო ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოა.

შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის შედეგად 2024 წლიდან სრულად მოიხსნა ქრონიკული მედიკამენტების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის წლიური ლიმიტი და 350,000 ადამიანს ყოველდღიურად, სრულიად უფასოდ, მთელი წლის მანძილზე მიეწოდებათ საჭირო მედიკამენტები.
 

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამას მიმდინარე წლის იანვრიდან გლაუკომის პრეპარატები დაემატა, რომლებსაც სახელმწიფო შესაბამის კატეგორიაში შემავალ პირებს სრულად უფინანსებს. ამასთან, მიმდინარე წლიდან შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის (ტიპი 2), პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები მთელი წლის განმავლობაში სრულად უფინანსდებათ.