ამერიკული ბიოფარმაცევტული ინდუსტრია 2025 წელს შარშან დაკარგული შემოსავლებისა და ინვესტორების დაბრუნებას გეგმავს. თუმცა სექტორი ისევ შეშფოთებით უყურებს ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრიორიტეტებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა მედიკამენტებისა და ვაქცინების ფასების რეფორმა.

ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში ფარმაცევტული სექტორი ბოლო ათწლეულების უმსხვილესი რეგულაციის ქვეშ დადგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2022 წელს მიღებულ იქნა კანონი ინფლაციის შემცირების შესახებ, რომელმაც ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა,  მიეღწია შეთანხმებისთვის ყველაზე ძვირადღირებული რეცეპტული მედიკამენტების ფასებზე. 

ცვლილება 49 მილიონამდე ამერიკელს ეხება, რომლებიც ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა Medicare-ში არიან ჩართულნი. გეგმის თანახმად, მათ მედიკამენტების გაიაფების შედეგად, 2030 წლამდე პერიოდში წამლებზე 280 მილიარდი დოლარი უნდა დაზოგონ. 

„არაფერი ისე არ კლავს ინვესტიციებს, როგორც გაურკვევლობა. IRA-მ (Inflation Reduction Act ) სექტორში დიდი გაურკვევლობა გამოიწვია,“ - განაცხადა სექტორული ლობისტური ჯგუფის  PhRMA-ს ხელმძღვანელმა სტივ უბლმა  JP Morgan Healthcare Conference-ზე გამოსვლისას, სან-ფრანცისკოში.

 
ამასთან, PhRMA იმედს გამოთქვამს, რომ ადმინისტრაცია ნაკლებად იქნება ფოკუსირებული დარგის „ეკოსისტემის წინააღმდეგ შეტევებზე“ და ამის მაგივრად შეამცირებს არაეფექტიანობას, რათა პაციენტების ხარჯები შემცირდეს. 
იმ პირველი 10 მედიკამენტის დასახელება, რომლებზეც შეთანხმება გაფორმდა, გასული წლის აგვისტოში გამოქვეყნდა. მომდევნო 15 წამლის ჩამონათვალი კი, რომლებზეც ფასების განხილვა დაიწყება, 1 თებერვლისთვის უნდა გამოცხადდეს, თუმცა უკვე მიმდინარე კვირაში გახდენა ცნობილი. ამასთან, ისიც შესაძლებელია, რომ საბოლოო სია შეიცვალოს მას შემდეგ, რაც 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება.

ინდუსტრიის განწყობებზე ასევე აისახება ტრამპის საკადრო გადაწყვეტილება: აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების ხელმძღვანელად რობერტ კენედი-უმცროსი შეარჩია, რომელიც ვაქცინების მიმართ სკეპტიციზმით გამოირჩევა. 


სექტორის წარმომადგენლებს დეკემბერში ტრამპთან შეხვედრა ჰქონდათ, თუმცა ერთიანი შეფასება მათ შორის არ არის: ნაწილი ფიქრობს, რომ უკვე ძალაში შესული კანონის შეცვლა მალე ვერ მოხერხდება, ნაწილი კი აცხადებს, რომ ოპტიმისტური საფუძველი არსებობს.

Reuters-ის მასალების მიხედვით