საყოველთაო და კერძო სადაზღვევო „შემავსებელი“ პაკეტების თანაარსებობის უზრუნველყოფა - ესაა კონკურენციის სააგენტოს ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ამ დრომდე შეუსრულებელია. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ, 2014 - 2023 წლების ანგარიშში აღნიშნულია, რომ მედიკამენტებზე და ზოგადად, სამედიცინო მომსახურებაში „ჯიბიდან“ გადახდების შესამცირებლად, სასურველია, მომხმარებელს შეეძლოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამის შემავსებელი კერძო სადაზღვევო პროდუქტის შეძენა - სულ მცირე, მედიკამენტების კომპონენტის ნაწილში.“

ანგარიშის თანახმად, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში 13 რეკომენდაცია გასცა. მონიტორინგი მოიცავდა 2016 - 2020 წლებს და მიმდინარეობა დაიყო 2 ნაწილად: ზოგადი ეკონომიკური ანალიზი და კონკრეტული/შერჩეული მედიკამენტების ანალიზი. სააგენტოს ძირითადი დაკვირვების ობიექტს წარმოადგენდა მედიკამენტების საცალო ფასები და ფასის ცვლილებაზე მოქმედი ძირითადი გარემოებების გავლენის შეფასება საცალო ფასის ფორმირებაზე.


2023 წელს, სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან 9 სრულად ან ნაწილობრივ შესრულდა და პროცესშია. მათ შორისაა GMP სტანდარტის, გენერიკული და ელექტრონული რეცეპტების სისტემის დანერგვა, სანქცირების მექანიზმის გამკაცრება და სხვა. რაც შეეხება შეუსრულებელ რეკომენდაციებს, გარდა „დაშენებული პაკეტისა,“ მათ შორისაა შემდეგი რეკომენდაციები: რეცეპტის/დანიშნულების გამომწერ პირსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთობის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა; დარგის მარეგულირებლის მიერ გენერიკულ მედიკამენტებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის წარმოება; ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შეზღუდვა - სააგენტოს პოზიციით, მნიშვნელოვანია კონკრეტული რეგულირების ქვეშ მოექცეს მედიკამენტების იმპორტიორი/საბითუმო და საცალო მიმწოდებელი ეკონომიკური აგენტების მიერ არაპროფილური საქმიანობების განხორციელება, რაც გამორიცხავს ბაზრის ამგვარი სტრუქტურის შესაძლო უარყოფით შედეგებს მომხმარებელზე და ბაზრის ზოგად კონკურენტუნარიანობაზე.