B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამისადმი მოქალაქეთა მიმართვიანობა საკმარისი არ არის. ამიტომ სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას, მიმართონ პროგრამაში ჩართულ დაწესებულებებს, ჩაიტარონ კვლევები და ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, ჩაერთონ მკურნალობაში. იმ შემთხვევაში კი, თუ ვირუსის არსებობა არ დადასტურდება, მოქალაქეს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება შეუძლია. ყველა ეს სერვისი პაციენტებისთვის უფასოა და მათ სახელმწიფო სრულად აფინანსებს. 


როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკა ადამიამ განუცხადა, პროგრამის ამოქმედებიდან 6 თვის პერიოდში, დიაგნოსტიკა 750-მდე ადამიანმა ჩაიტარა, მკურნალობაში კი 250-მდე პაციენტი ჩაერთო.

„ამ პროგრამის ფარგლებში, არის შესაძლებლობა, პაციენტებმა დროულად გამოავლინონ თავიანთი დიაგნოზი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასევე იმკურნალონ, ისარგებლონ ამ სერვისებით და, რა თქმა უნდა, თავიდან აირიდონ ისეთი მძიმე გართულებები, რომლებიც B ჰეპატიტს მოყვება - ესაა ციროზები და რთულ შემთხვევებში შეიძლება იყოს სიმსიმვნური დაავადებაც. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამით სარგებლობა ადამიანებმა დროულად დაიწყონ. 


პროგრამა უკვე სრული დატვირთვითაა ამოქმედებული და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სერვისის მიმწოდებელს და გამოავლინოს, თუ ეს დაავადება აქვს ან პირიქით, დაადგინოს, რომ არ აქვს,“- აღნიშნა ადამიამ.

პირველ არხთან ინტერვიუში ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აკაკი აბუთიძე ამბობს, რომ მიმართვიანობა საკმარისი არ არის და მოუწოდებს ადამიანებს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით.


„პროგრამაში ძირითადად ერთვებიან ის პაციენტები, რომლებსაც მანამდე ექიმი ყავდათ, ანუ ისინი გამოკვლეულები იყვნენ და ახლა ჩაერთვებიან ამ პროგრამაში და იწყებენ მკურნალობას. ქვეყანამ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რომ მოსახლეობაში გაიზარდოს ინფორმირებულობა B ჰეპატიტის და იმის შესახებ, რომ მათ ყველანაირი სერვისი, დაწყებული სკრინინგული კვლევებით და დამთავრებული მკურნალობით, არის უფასო,“ - განაცხადა აბუთიძემ. 


B ჰეპატიტის მართვის პროგრამაში ამ ეტაპზე პროგრამაში 15 კლინიკა მონაწილეობს. 


საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა გასული წლის 20 ივნისიდან დაიწყო. პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გადიან. 

სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე - პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.

პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრებიან პირები  ქრონიკული HBV ინფექციით, აგრეთვე პირები, რომლებსაც დადგენილი  აქვთ  ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე. პროგრამაში პაციენტების ჩართვა ხორციელდება კომისიური წესით.

B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისათვის, რომლებსაც კლინიკურად, ამ ეტაპზე, არ ესაჭიროებათ მკურნალობა, პროგრამით გათვალისწინებულია განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12 თვეში ერთხელ. იმ პირებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ B ჰეპატიტის ვირუსის არსებობა, დაავადების პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში, შესთავაზებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომელიც ასევე სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან.

სერვისების მისაღებად, მოქალაქემ პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებს უნდა მიმართოს.