პოლიციელთა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პირობები უმჯობესდება. აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილებები, რომლებიც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველ და 11-ე პუნქტებში შედის. ცვლილების თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 15 000 ლარისა, ხოლო დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად ამჟამინდელი 500 ლარისა.

ამასთან, განმარტებითი ბარათის თანახმად, პოლიციელის მიერ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა.

ცვლილება შედის ამავე კანონის 51-ე მუხლში და იცვლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მისთვის მისაცემი ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა. კერძოდ, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას, აღნიშნული ფულადი დახმარება 7 000 ლარის ნაცვლად იქნება 20 000 ლარი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 15 000 ლარი, ნაცვლად 4 000 ლარისა, ხოლო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 10 000 ლარი, ნაცვლად 2 000 ლარისა.

გარდა ამისა, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს ჯანმრთელობის დაზიანების გამო შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება, რომლის დროსაც მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან, საჭიროებისამებრ, ტრანსპორტირებასთან, მოვლის უზრუნველყოფასთან და სხვა საჭიროებებთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება.


ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.


გარდა ამისა, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 4 თვის ვადით, რომელიც დაავადების ხასიათის გათვალისწინებით სამედიცინო დასკვნის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.


ანაზღაურება მოიცავს მოვლის ხარჯებს იმ შემთხვევაში, როდესაც სამინისტროს მოსამსახურეს დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე საჭიროებს მომვლელს და მუდმივი მეთვალყურეს. ასევე, მედიკამენტების ხარჯების დაფარვას ისევე, როგორც სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას. საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება ხარჯებმა მოიცვას ფსიქოლოგის მომსახურების ხარჯებიც.

გარდა ამისა, სოციალური გარანტიები შეიძლება გავრცელდეს სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის ოჯახის წევრზე და შრომისუუნარობის გამო გათავისუფლებულ  პირზე.

სტატისტიკის თანახმად, სამინისტროს მიერ 2025 წლის იანვარი–სექტემბრის დროის პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაზიანდა 115 თანამშრომელი, რომელთა მკურნალობის უზრუნველსაყოფად სამინისტროს ბიუჯეტიდან გადაირიცხა ფულადი თანხა 121 600-მდე ლარის ოდენობით.