ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების პროგრამები ფართოვდება. მედიკამენტების და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობასთან ერთად, იზრდება სხვადასხვა სოციალური შემწეობა, პენსია, ფართოვდება კომუნალური პროგრამები. ამ კუთხით განსაკუთრებული აქცენტი ბავშვებზე კეთდება.

ივლისში ერთი წელი გახდება, რაც სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს იღებენ. მანამდე კი ეს თანხა 150 ლარს შეადგენდა.

აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას. აღნიშნულ დახმარებას 233 000-მდე ბავშვის  ოჯახები იღებენ.
 გაეროს ბავშვთა ფონდში აცხადებენ, რომ ბავშვთა კეთილდღეობის გაზრდის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება ტარდება. გარდა იმისა, რომ უკანასკნელი 4 წელია სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფულადი დახმარება რეგულარულად იზრდება, ასევე გაფართოვდა მიმღებთა რაოდენობაც. რაც იმას ნიშნავს რომ თუკი აქამდე სარეიტინგო ქულა ასი ათასამდე იყო, ახლა სოციალურად დაუცველის სტატუსს 120 ათასი ქულის შემთხვევაშიც მიიღებენ. ფონდში განმარტავენ, რომ 200 ლარიანი დახმარების გაცემა ბავშვებში სიღარიბეს კიდევ უფრო შეამცირებს, თუმცა ეს საკითხი ქვეყანაში მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.