მიმდინარე წელს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ახალი პროგრამის - ოსტეოპოროზის პრევენციული სკრინინგის დაფინანსება დაიწყო.
პროგრამის მიზანია, რისკ-ჯგუფს მიკუთვნებულ პირებში ოსტეოპენიის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მოიცავს დენსიტომეტრიული კვლევის ჩატარებას რენტგენოაბსორბციული დენსიტომეტრიის საშუალებით, ასევე რევმატოლოგის კონსულტაციას.
პროგრამის ბიუჯეტი 126 000 ლარს შეადგენს. სერვისით წელს ჯამში 600-მდე მოქალაქე ისარგებლებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და მიეკუთვნებიან შემდეგ რისკ-ჯგუფს:
▪️ 50 წლის და ზევით ასაკის ქალი ან 60 წლის და ზევით ასაკის კაცი
▪️ სტეროიდული ჰორმონის ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში (3 და მეტი თვე)
▪️ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით - კვანძოვანი ჩიყვი, ჰიპოთირეოზი
▪️ თირკმლის და ღვიძლის ქრონიკული დაავადებებით
▪️ ქიმიო, ჰორმონო ან სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი
▪️ წარსულში მოტეხილობით
▪️ სიმაღლეში კლებით
▪️ წონის დეფიციტით.
სკრინინგის მიმდინარეობას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ვერძაძე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, რუსუდან შავიშვილთან ერთად, მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ ,,მედცენტრში“ გაეცნო.