აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის (BAU) სამედიცინო პერსონალს შეხვდა და პროგრამული სიახლეები გააცნო.


სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ლიპიდდამაქვეითებელი თერაპიის დაფინანსება. ინოვაციური სერვისით სარგებლობა შეუძლიათ ათეროსკლეროზული კარდიოვასკულარული დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით. პროგრამის მიზანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ლეტალობის პრევენცია და ძვირადღირებულ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.


სამინისტრო გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, ასევე აფინანსებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდას, შესაბამისად აჭარაში კარდიოქირურგია სრულად ფინანსდება.


გასულ წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო გულის სარქვლის ძვირადღირებული ტრანსკათეტერული იმპლანტაციის (TAVI) დაფინანსება. აღნიშნული პროცედურა არის ნაკლებად ინვაზიური და კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაღალი რისკის პაციენტებში.


სამინისტრო გარკვეული სოციალური კატეგორიის მოქალაქეებს, აგრეთვე უფინანსებს გულის დაავადებების სადიაგნოსტიკო ძვირადღირებულ გეგმიურ კვლევებს, როგორიცაა გულის ან კორონალური არტერიების ანგიოგრაფია, ენდოკარდიული ელექტროფიზიოლოგიური კვლევა, კარდიოვერსია და სხვა. მიმდინარე წელს პროგრამით 4 500 პაციენტი ისარგებლებს,  რისთვისაც 4 მილიონ 500 000 ლარი გამოიყოფა.


ლიპიდდამაქვეითებელი თერაპია ნიშნავს მკურნალობას, რომელიც მიზნად ისახავს სისხლში ლიპიდების (ცხიმების) დონის შემცირებას — განსაკუთრებით ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების.

ეს არის თერაპია, რომელიც იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ამცირებს ისეთი დაავადებების რისკს, როგორიცაა ათეროსკლეროზი, გულის შეტევა, ინსულტი და სხვა. 


თერაპია მოიცავს ჯანსაღ წესზე გადასვას (ჯანსაღი კვება, ცხიმების, განსაკუთრებით ტრანსცხიმების შემცირება, ფიზიკური აქტივობა, წონის კონტროლი, მოწევის შეწყვეტა), ასევე საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტურ მკურნალობას. 

თერაპია ესაჭიროება მაღალი ქოლესტერინის მქონე პირებს, რომლებსაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და სხვა.