რეპროდუქციული ჯანმრთელობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საზოგადოების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ინფორმირება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებსა და რეპროდუქციულ საკითხებზე მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საფუძველია.
AHF საქართველო - შიდსის ჯანდაცვს ფონდი აქტიურად მუშაობს ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე. ორგანიზაციის ფარგლებში მოქმედი ახალგაზრდული ცენტრი სისტემატურად ატარებს საინფორმაციო შეხვედრებსა და ტრენინგებს, რომლებიც ხელს უწყობს მოზარდების ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებას. ამასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს უფასო ანონიმური კონსულტაცია კვალიფიციურ სპეციალისტებთან.
AHF საქართველოს ახალგაზრდული ცენტრის მნიშვნელობაზე, მიზნებსა და საქმიანობაზე, გვესაუბრება AHF საქართველოს ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი, მარიამ ნათაძე:
- AHF საქართველოს ახალგაზრდული ცენტრის მიზანია ახალგაზრდებს შეუქმნას უსაფრთხო, კომფორტული სივრცე, დაეხმაროს მათ ჯანსაღი ჩვევების ფორმირებასა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში, ერთობლივი შემეცნებითი აქტივობებით ხელი შეუწყოს თვითშეფასებისა და თვითრწმენის გაძლიერებას. AHF საქართველოს ახალგაზრდულ ცენტრში, მოზარდებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ინფორმაცია სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, აივ ინფექციასა და სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე. რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების ცოდნა მოზარდებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, თავიდან აიცილონ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და შეამცირონ ნაადრევი ქორწინების რისკი.
- რა წინაპირობა არსებობდა, რის საფუძველზე მიიღეთ გადაწყვეტილება შექმნილიყო ახალგაზრდული ცენტრი?
- ცნობილია, რომ საქართველოში სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან, ასევე, აივ ინფექციასთან და სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული საკითხები არ ისწავლება საგანმანათლებლო დაწესებულებებში. შესაბამისად, მოზარდების უმრავლესობას არ აქვს წვდომა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ზუსტ და სანდო ინფორმაციაზე. ცენტრის მიერ ჩატარებულ სხვადასხვა გამოკითხვებსა და ინტერვიუებში, მოზარდებისა და ახალგაზრდების უმრავლესობა მიუთითებს, რომ სასწავლო დაწესებულებებში მათთვის ხელმისაწვდომი არ არის აღნიშნულ საკითხებზე რელევანტური ინფორმაცია. გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამ საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას, უმეტესად, მოზარდები ვერც მშობლებისგან იღებენ. შესაბამისად, მათთვის ერთადერთი გზა ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და მეგობრებისგან მიღებული რჩევებია. თუმცა, ამ გზით მიღებული ცოდნა, ხშირად არასწორი ან შეცდომაში შემყვანია, რაც ხელს უშლის და აბრკოლებს მოზარდებისა და ახალგაზრდების მიერ გააზრებული და გათვითცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ზრდის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის რისკებს, საფრთხის ქვეშ აყენებს მათ კეთილდღეობას და აღრმავებს უკვე არსებულ ტაბუს.
- რამდენად დაცული და ანონიმური გარემოა შექმნილი ცენტრში რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ცოდნის ურთიერთგაზიარებისთვის?
- AHF საქართველოს ახალგაზრდულ ცენტრში სანდო და უსაფრთხო გარემოა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ცოდნის ურთიერთგაზიარებისთვის. მოზარდები და ახალგაზრდები, ერთი მხრივ, თავად გადიან გადამზადებას და მონაწილეობენ ტრენინგებში, სემინარებსა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებში, ხოლო, მეორე მხრივ, აქტიურ როლს თამაშობენ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში და, როგორც თანასწორგანმანათლებლები, ხელს უწყობენ ცოდნის გავრცელებას და საზოგადოებაში ტაბუდადებული საზღვრების რღვევას. ცენტრში მოზარდები და ახალგაზრდები, სხვადასხვა ინტერაქციული მეთოდის გამოყენებით, განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ნაადრევი ქორწინება, ასევე აივ/შიდსი და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მათი პრევენციის გზები და სხვა. ცენტრში ხორციელდება სპორტული და რეკრეაციული, ასევე, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები. მოზარდები აღნიშნავენ, რომ ცენტრში მიღებული ცოდნა მათ დაეხმარებათ მოსალოდნელი შედეგების გააზრებაში და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღებაში.
- სკოლებთან ან უმაღლეს სასწავლებლებთან თუ თანამშრომლობთ?
- ახალგაზრდული ცენტრი, რა თქმა უნდა, თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც, სადაც პერიოდულად ატარებს საინფორმაციო კამპანიებს და შეხვედრებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის, აივ/შიდსი და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების საკითხებზე. ცენტრი ცდილობს გაზარდოს სტუდენტების ცნობიერება და ხელი შეუწყოს უფასო ტესტირებას. სტუდენტებს, ასევე, აქვთ შესაძლებლობა ცენტრში განახორციელონ პრაქტიკული საქმიანობა და მოხალისეობრივ საწყისებზე ჩაერთონ ცენტრის ყოველდღიურ აქტივობებში.
შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს ფილიალში (AHF საქართველო), რომელიც უკვე მეექვსე წელია ფუნქციონირებს, ნებისმიერ მსურველს, მათ შორის ახალგაზრდებს, შეუძლიათ უფასოდ და ანონიმურად ჩაიტარონ 4 კომპონენტიანი ტესტირება, რომელიც საშუალებას იძლევა, სულ რაღაც, 10 წუთში გაიგო პასუხი აივ ინფექციაზე, C და B ჰეპატიტებსა და სიფილისზე.
უფასო და ანონიმური ტესტირებისა და უფასო კონსულტაციისთვის აივ/შიდსზე, სგგი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, მიმართეთ AHF საქართველოს ტესტირების ცენტრს, მისამართზე: თბილისი, მარი ბროსეს ქ. 2 ან დაუკავშირდით: +995 32 2 228040. ვებ.გვერდი: freeHIVtest-ge.org