დღეიდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით ბენეფიციარების რეგისტრაცია იწყება.
ცვლილება იმ პაციენტებს ეხება, ვინც მანამდე სერვისს კერძო სუბიექტებისგან იღებდნენ.
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფომ უკვე მოამზადა სარეგისტრაციო პლატფორმა და დეტალურად დაგეგმა პაციენტების გადმოსვლის პროცესი:
„მომზადდა საკმაოდ მოსახერხებელი ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მოხდება რეგისტრაციის განხორციელება. თუმცა ვინც უპირატესობას მიანიჭებს უშუალოდ ადგილზე ამ განაცხადის გაკეთებას, შეუძლია, ნებისმიერ ცენტრს მიმართოს. დაწესებულებების სია ასევე გამოქვეყნებული იქნება იმავე პლატფორმის მეშვეობით. რეგისტრაციის პროცესი აუცილებელია თავად ბენეფიციარების ინტერესებისთვის, რათა სწორად დაიგეგმოს პროცესი და შესაძლებელი იყოს სერვისით შეუფერხებლად სარგებლობა“, – განაცხადა მინისტრმა.
ბენეფიციარებს რეგისტრაციის გავლა 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ან მის ტერიტორიულ განყოფილებებში შეეძლებათ. რეგისტრაცია განხორციელდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 15:00-დან 18:00 საათამდე. რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე „ონლაინ“, ვებგვერდზე (საიტი რეგისტრაციის პერიოდისთვის ამოქმედდება).
მიხეილ სარჯველაძის თქმით, კერძო სერვისის მიმწოდებლებს დაევალათ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და მონაცემების გადაცემა, რაც მკურნალობის სწორ დაგეგმვას უზრუნველყოფს.
ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლისთვის პაციენტი 2025 წლის 1 აგვისტომდე ჩართული უნდა იყოს ჩანაცვლებითი მკურნალობის შესაბამის პროგრამაში. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ პაციენტი SMS შეტყობინებას მიიღებს, სადაც მითითებული იქნება, როდის და სად უნდა გამოცხადდეს წამლის მისაღებად.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 230 10 53.