დაავადებების პრევენცია, სკრინინგი, ადრეული დიაგნოსტიკა და შედეგად, დროულად დაწყებული მკურნალობა - ესაა ის მთავარი გზები, რომლებიც პაციენტს გართულებების თავიდან აცილებაში და სასურველი შედეგების მიღწევაში ეხმარება. მსოფლიო პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ეს მიდგომები ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში ეფექტურია.
ადრეული დიაგნოსტიკისა და დროული მკურნალობის აუცილებლობაზე, სხვა დარგის ექიმებთან ერთად, აქცენტს აკეთებენ ოფთალმოლოგები და ენდოკრინოლოგებიც და გუნდური მუშაობის აუცილებლობაზე მიანიშნებენ. რამდენად მასშტაბურია მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა, ამას ციფრებიც ადასტურებს, კერძოდ, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების 60%-ს მხედველობასთან დაკავშირებული დაავადებები უვითარდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დიაბეტი სათანადოდ არ არის მართული. არსებობს თვალის 100-ზე მეტი დაავადება, რომლებიც, შესაძლოა, მხედველობის გაუარესების ან დაკარგვის მიზეზი გახდეს. მათგან აღსანიშნავია დიაბეტური რეტინოპათია. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ მისი განვითარება შაქრიან დიაბეტს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, მხედველობის დაკარგვის რისკის ქვეშ ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ აუცილებელია მხედველობის მონიტორინგი, რათა ადრეული დიაგნოსტიკით მოხდეს აღნიშნული პათოლოგიების არიდება. სწორედ, ამ პრაქტიკის დასანერგად, შარშან სტარტი აიღო მხედველობაზე ზრუნვის საინფორმაციო კამპანიამ სახელწოდებით #სულრომგვხედავდე, რომლის მიზანია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში მხედველობის დაცვა და შენარჩუნება, დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის ხელმისწვდომობის გაზრდა.
ენდოკრინოლოგებისა და ოფთალმოლოგების ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე დიაბეტური რეტინოპათიის მართვაში, გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ლიკა ცუცქირიძე:
- რამდენად ხშირია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში მხედველობასთან დაკავშირებული გართულებები და რით აიხსნება ეს კავშირი?
- ქრონიკული დაავადებების შესახებ საქართველოში ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა, მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, დიაბეტით დაავადებული პაციენტების დაახლოებით, მესამედს შეიძლება განუვითარდეს დიაბეტური რეტინოპათია. ეს დიაბეტის ერთ-ერთი ქრონიკული მიკროვასკულური გართულებაა, რომელიც უმეტესად დაკავშირებულია არასწორად მართულ დაავადებასთან (არასტაბილური გლიკემიური მაჩვენებლები, მაღალი არტერიული წნევა, დისლიპიდემია და ა.შ.). მნიშვნელოვანია, რომ დიაბეტის მართვა მოიცავდეს არა მხოლოდ გლუკოზის მაჩვენებლების კონტროლს, არამედ არტერიული წნევის, ლიპიდების დონისა და კოაგულაციური სტატუსის მოწესრიგებასაც. დიაბეტი კომპლექსური დაავადებაა და მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს ქრონიკული გართულებების, მათ შორის დიაბეტური რეტინოპათიის, განვითარების რისკს.
- რატომ ხდება, რომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები ხშირად გვიან მიმართავენ ოფთალმოლოგს და მხოლოდ მხედველობის გაუარესების შემდეგ?
- ეს რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. მაგ. ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოსტირება ხშირად დაგვიანებით ხდება, უკვე გართულებების ფაზაში. გარდა ამისა, პაციენტების ნაწილი არ იღებს მკურნალი ექიმისგან დროულ რეკომენდაციას თვალის შემოწმების შესახებ ან თავად არ იცავს ექიმის მითითებებსა და რეკომენდაციებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ფინანსური პრობლემები აფერხებს დროულ ვიზიტს — დიაბეტის მკურნალობა ისედაც საკმაოდ ძვირია და ოფთალმოლოგიური გამოკვლევებიც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. არსებობს დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც წელიწადში ერთხელ აფინანსებს ოფთალმოლოგთან ვიზიტს, თუმცა, ისეთი ვერაგი დაავადების შემთხვევაში, როგორიც დიაბეტია, ეს არ არის საკმარისი. დაზღვევის მქონე პაციენტებში კი მიზეზად ხშირად განათლებისა და ინფორმირებულობის ნაკლებობა სახელდება, რაც იწვევს პრობლემის გაუარესებას.
- როდის უნდა დაიწყოს დიაბეტის მქონე პაციენტმა მხედველობაზე ზრუნვა, რომ სიბრმავისგან დაიცვას თავი?
- ეს დამოკიდებულია დიაბეტის ტიპზე. ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში, როგორც წესი, დიაგნოზის დასმის შემდეგ, დაახლოებით, 5 წელიწადში უნდა ჩატარდეს თვალის შემოწმება. ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევაში გართულებების სკრინინგი დიაგნოზის დასმისთანავე უნდა დაიწყოს; თვალის დიაბეტური გამოკვლევა ერთ-ერთი მთავარი პროცედურაა.
- რა როლი აქვს რეგულარულ შემოწმებებსა და კვლევებს (მაგ. HbA1c, არტერიული წნევა, ქოლესტერინი) მხედველობის გართულებების თავიდან ასაცილებლად?
- ზოგადად, თვალის დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგად შესაძლებელია მხედველობის აღდგენა, გაუმჯობესება და შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, რეგულარული კონტროლი არის ყველა გართულების პრევენციის საფუძველი. აუცილებელია, როგორც გლუკოზის, ისე არტერიული წნევის, ლიპიდების დონისა და კოაგულაციური სტატუსის მონიტორინგი. ასევე, მნიშვნელოვანია თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა. სწორედ ეს ცხოვრებისეული ჩვევები ამცირებს დაავადების პროგრესის რისკს. დიაბეტი ვერაგი დაავადებაა - თუ მასთან არ იმეგობრებ, მტრად გადაიქცევა. შესაბამისად, აუცილებელია მკურნალობისა და ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვა.
- როგორია ენდოკრინოლოგისა და ოფთალმოლოგის თანამშრომლობის წილი შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტის მართვაში?
- ეს თანამშრომლობა აუცილებელია, რადგან მხედველობა ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა. დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ენდოკრინოლოგისა და ოფთალმოლოგის ერთობლივი მუშაობა არის სწორი მართვის წინაპირობა. თუნდაც მაშინ, როდესაც გართულებები ჯერ არ გამოვლენილა, პაციენტმა მაინც უნდა გაიაროს თვალის შემოწმება, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ. პრაქტიკაში ბევრია ისეთი შემთხვევა, როდესაც პაციენტი ოფთალმოლოგს სწორედ ენდოკრინოლოგის რჩევით მიმართავს და დროული დიაგნოსტიკის შედეგად თავიდან იცილებს მძიმე პრობლემებს. კოლაბორაცია მნიშვნელოვანია.
- 3 რჩევა, რომელსაც მისცემდით შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტს მხედველობის შესანარჩუნებლად…
- პირველ რიგში, რეგულარული ვიზიტები ექიმთან და აუცილებელი კვლევების დროული ჩატარება; ჯანსაღი ცხოვრების წესი — დაბალანსებული კვება, სტრესის მართვა, ფიზიკური აქტივობა; და ბოლოს, მკურნალობის ხელშეწყობა და ექიმის რეკომენდაციების მკაცრი დაცვა.
- რატომ არის მნიშვნელოვანი საინფორმაციო კამპანია “აკონტროლე მხედველობა მარტივად დიაბეტის დროს #სულრომგვხედავდე” და როგორ შეუწყობს ხელს ცნობიერების ამაღლებასა და ადრეულ დიაგნოსტიკას?
- ინფორმირებულობა ქრონიკული დაავადებების მართვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. განათლებული პაციენტი ექიმის საუკეთესო პარტნიორია. სამწუხაროდ, დღეს მედია და სოციალური ქსელები სავსეა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციით, რისი ფილტრაციაც პაციენტისთვის ხშირად რთულია. ამიტომ აუცილებელია სპეციალისტების მიერ მიწოდებული, მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული რჩევები. საგანმანათლებლო კამპანიები დიაბეტის მართვაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს — ისინი არა მხოლოდ ცნობიერებას ზრდის, არამედ ხელს უწყობს ადრეულ დიაგნოსტიკასა და გართულებების პრევენციას. მნიშვნელოვანია, რომ მსგავს აქტივობებში ჩართული იყვნენ როგორც ექიმები, ისე თავად პაციენტებიც, რომლებსაც საკუთარი გამოცდილებით შეუძლიათ სხვების დახმარება.