14 ივნისს მსოფლიომ და მათ შორის საქართველომ სისხლის უანგარო დონორის დღე აღნიშნა. გაიმართა სისხლის გაღების მრავალი აქცია, რომელთა მიზანი ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. 
ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როცა ქვეყანა სისხლის სრულად უანგარო დონაციაზე გადადის. ეს ზუსტად ერთ წელიწადში, 2025 წლის ივლისიდან უნდა მოხდეს. რას ნიშნავს უანგარო დონაცია და რატომ იკრძალება ანაზღაურების სანაცვლოდ სისხლის გაღების პრაქტიკა მომავალი წლიდან?


ცნობილია, რომ სისხლის გადასხმა, სხვადასხვა დაავადების დროს, ერთადერთი გამოსავალია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, რადგან ის უნიკალური პროდუქტია და მისი შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს.

საკანონმდებლო ცვლილების მიზეზი კი ისაა, რომ მატერიალურად დაინტერესებული დონორი, შესაძლოა, მალავდეს გარკვეულ ინფორმაციას მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ეს კი შეიძლება სარისკო აღმოჩნდეს სისხლის მიმღებისთვის. ამასთან, ევროდირექტივის შესაბამისად, სისხლის დაწესებულება იქნება არამომგებიანი იურიდიული პირი. სახელმწიფო კი იღებს ვალდებულებას, დააფუძნოს სახელმწიფო სისხლის ბანკი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სისხლით უზრუნველყოფაზე.

ამ თემებთან დაკავშირებით რამდენიმე ხნის წინ Jandacva.ge-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან, რომლის თქმითაც, სისხლის უსაფრთხოების გარანტი, მთელს მსოფლიოში, სწორედ უანგარო დონორობაა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვის სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობისა და საჭიროების ახსნა, უმნიშვნელოვანესი საკითხია.

„ახალი კანონით, სისხლის დონორობა ეფუძნება ნებაყოფლობითობის, უანგარობისა და ანონიმურობის პრინციპებს. ნებაყოფლობითობის პრინციპი გულისხმობს პირის უფლებას, სისხლი ან სისხლის კომპონენტი საკუთარი ნებით, ძალდატანების გარეშე გაიღოს. უანგარობის პრინციპი კი გულისხმობს პირის მიერ, სისხლის ან მისი კომპონენტის უანგაროდ, ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის გარეშე გაღებას.
დაუშვებელია, გაღებული სისხლის, ან მისი კომპონენტის სანაცვლოდ, დონორის ან სხვა პირის მიერ, ფულადი ანაზღაურების და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის მიღება, აგრეთვე მისთვის ფულადი ანაზღაურების ან ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის შეთავაზება/მიცემა. ახალი კანონით, ასევე, დაუშვებელია სისხლით ან მისი კომპონენტებით ვაჭრობა, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით. ფულადი ანაზღაურების ტოლფას სარგებლად არ მიიჩნევა დონორისთვის დამსაქმებლის მიერ დასვენების დროისთვის მიცემული შრომის ანაზღაურება, საპატიო დონორისთვის გათვალისწინებული ერთდროული ფულადი გასაცემელი, დონორისთვის გადაცემული სიმბოლური ნიშანი, სუვენირი ან საჩუქარი, რომლის ღირებულება არ შეიძლება გახდეს უანგარობის პრინციპის დარღვევის სტიმული, მაგრამ ის ხელს შეუწყობს დონორობის წახალისებას. 2025 წლის 1-ლ ივლისამდე, პირს უფლება აქვს, სისხლი ან სისხლის კომპონენტი გაიღოს ფულადი ანაზღაურებით ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,“ - აღნიშნა გაბუნიამ.

2025 წლის 1 ივლისიდან კი, მისი თქმით, სისხლის ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ჩაბარება კანონით აკრძალული იქნება. თამარ გაბუნიას განცხადებით, უანგარო დონორების წილი ყოველწლიურ დონაციებში, დაახლოებით, 40%-ია, დანარჩენი დონორები ახლობლისთვის აბარებენ სისხლს, ან - ფულადი გასამრჯელოს ნაცვლად. სახელმწიფოს მიზანია, მაქსიმალურად გაზარდოს უანგარო დონორების წილი, მოხდეს უანგარო დონორების მოზიდვა და ამავდროულად, იმუშაოს მათ შენარჩუნებაზე რეგულარულ დონორებად, ვინაიდან უანგარო რეგულარული დონორები არიან ქვეყანაში უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლის მარაგების შექმნის გარანტი.

„ევროდირექტივის მიხედვით არის განსაზღვრული, რომ სისხლის წარმოებისა და მიწოდების ყველა საფეხურზე, გამოკლებული იყოს კომერციული ინტერესი. ახალი კანონის მიხედვით, სისხლის დაწესებულება იქნება არამომგებიანი იურიდიული პირი. ამასთან, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დააფუძნოს სახელმწიფო სისხლის ბანკი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სისხლით უზრუნველყოფაზე,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.