2025 წლისთვის ბავშვებში სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი 7%-მდე უნდა შემცირდეს.
ამის შესახებ 2021-2025 წლების „თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის“ განხორციელების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმაშია ნათქვამი.
გეგმის თანახმად, არასრულწლოვნებში თამბაქოს სხვადასხვა პროდუქტის მოხმარების მაჩვენებელი 2025 წელს, პროდუქტის სახეობების მიხედვით, ასეთი უნდა იყოს:
ტრადიციული სიგარეტი -7% (2019 წელს იყო 12%, ხოლო 2024-სთვის - 8%-ია). აქედან ბიჭებში 2025 წლისთვის ეს მონაცემი 10%-მდე უნდა ჩამოვიდეს, გოგონებში - 4%-მდე.
რაც შეეხება გეგმას ზრდასრულების კუთხით, ის ასე გამოიყურება:
ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელი უნდა იყოს მოსახლეობის 25% (მამაკაცი - 48%, ქალი - 3%). 2019 წელს ეს მაჩვენებელი იყო 31%, ხოლო 2024-სთვის - 27%.
ელექტრო სიგარეტის მოხმარება კი 2025 წლისთვის 0,1%-მდე უნდა შემცირდეს ამჟამინდელი 0,3%-დან.
გეგმის თანახმადვე, იმ ბავშვების წილი, რომლებიც სახლის პირობებში მეორადი კვამლის ზემოქმედებისგან თავისუფალნი არიან, 2025 წელს უნდა იყოს 75%. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მონაცემებით, ბავშვების მხოლოდ 43% იყო სახლში თამბაქოს მეორადი (ანუ სხვა ადამიანების მიერ თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოყოფილი კვამლის) ზემოქმედებისგან თავისუფალი.
გეგმაში ასევე ნათქვამია, რომ თამბაქოს მოხმარების შემცირებასთან ერთად, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ფაქტების რაოდენობა 13025-დან (2022 წელს) უნდა შემცირდეს 12700-მდე.
დოკუმენტის თანახმად, თამბაქოზე თავის დანებების მსურველი, მწეველ მოსახლეობას შორის 2025 წელს უნდა იყოს 40%, 2019-ში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 23%-ს შეადგენდა.