საქართველოში ცხოვრების ჯანსაღი წესი და ფიზიკური აქტივობა სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ პროცესს თან სდევს სხვადასხვა საკვები დანამატების გამოყენებაც. ეს ბაზარი საკმაოდ მზარდია, თუმცა აღნიშნული პროდუქციის მიღება რიგ შემთხვევებში უკონტროლოდ ხდება და ადამიანების, მათ შორის ახალგაზრდების, ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ამ თემააზე ინფეცქიონისტმა მაია ბუწაშვილმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ისაუბრა.
 
მისი თქმით, კარგია, რომ ბევრი ახალგაზრდა ვარჯიშობს და ყოველდღიურად ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, თუმცა არსებობს საფრთხეც. კერძოდ, ინფექციონისტის განცხადებით, ბევრი ახალგაზრდა, ვარჯიშის პარალელურად, კუნთის მასის გაზრდისა თუ სხვა მოსაზრებებით, სხვადასხვა საკვებ დანამატს იღებს, თანაც - დასაშვებზე ბევრად ჭარბი რაოდენობით.

„ხშირად მქონია შემთხვევა, როცა მოყავთ მოზარდი ან მოდის მოზრდილი. ღვიძლის ფუნქციები შეცვლილია და სხვა ხილული მიზეზი არაა. მოვატანინებ ხოლმე იმ ნივთიერებას, რასაც იღთებენ და აღმოჩნდება, რომ ერთსა და იგივე ნივთიერებას, მაგალითად პროტეინს, შესაძლოა 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტი დოზით იღებდნენ, ვიდრე ორანიზმს სჭირდება. ეს კი უკვალოდ არ ქრება,“ - განმარტა მაია ბუწაშვილმა. 
მისი თქმით, უცხოეთში კვებისა და დანამატების სფეროში სპეციალისტები, დოქტორები მუშაობენ, რომლებიც საზღრავენ, როგორ უნდა იყოს გამოყენებული დანამატი ვარჯიშის დროს. ისინი აკონტროლებენ, რომელი ვარჯიშის დროს რა დანამატი უნდა მიიღოს ადამიანმა. საქართველოში კი, მაია ბუწაშვილის თქმით, ამ ნივთიერებებს ადამიანები ხშირ შემთხვევაში უკონტროლოდ, სხვისი რჩევით ან სოციალურ ქსელებში წაკითხულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებენ, რაც ძალიან საშიში მოვლენაა. ამიტომ ინფექციონისტის რჩევაა, საკვები დანამატები საერთოდ არ მივიღოთ.

„საკვები დანამატები საერთოდ არაა საჭირო. ჯანსაღი კვება ვარჯიშთან ერთად იდეალურია,“ - განაცხადა მან.

წყარო: goodlife.ge