თანამედროვე მსოფლიოში, ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენების პირობებში, გაჩნდა ციფრული დემენციის ცნება. ესაა ტერმინი, რომელიც გამოხატავს მეხსიერებისა და ყურადღების გაუარესებას, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ციფრული ტექნოლოგიების ზედმეტი გამოყენებით. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, ხშირად სმარტფონზე ან კომპიუტერზე დამოკიდებულება იწვევს ტვინის იმ ფუნქციების შესუსტებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეხსიერებაზე, კონცენტრაციასა და პრობლემების გადაჭრაზე.
„ციფრულ დემენციაზე“ საუბარი ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, როცა ამ კონცეფციის პოპულარიზაცია გერმანელმა ნეირობიოლოგმ და ფსიქიატრმა მანფრედ შპიცერმა დაიწყო. ის დარწმუნებული იყო, რომ გაჯეტების გადაჭარბებული მოხმარებამ გამოიწვია ადამიანების დამოკიდებულება ტექნოლოგიებზე, რაც მათ კოგნიტურ ფუნქციებზე ნეგატიურად მოქმედებს.
თეორიის პოპულარობის მიუხედავად, „ციფრული დემენცია“ ავადმყოფობა არ არის. შესაბამისად, მისი დიაგნოსტირებაც შეუძლებელია. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ადამიანებში, რომლებიც დღის განმავლობაში 4 საათზე მეტს ატარებენ ტელევიზორთღან, ალცჰაიმერის განვითარების რისკი იზრდება.
როგორ ვლინდება ციფრული დემენცია?
• მოკლევადიანი მეხსიერების დაქვეითება
• კონცენტრაციის ნაკლებობა
• დროისა და სივრცის დაკარგვის შეგრძნება
• ინფორმაციის დამახსოვრების სირთულე (მაგალითად, ტელეფონის ნომრები ან მისამართები)
ციფრული ტექნოლოგიები უდავოდ კომფორტულსა და ინფორმაციულ გარემოს გვიქმნის, თუმცა საჭიროა ბალანსის დაცვა, რათა ჩვენი გონებრივი ჯანმრთელობა არ დაზიანდეს.
როგორ ავირიდოთ თავიდან ციფრული დემენცია?
ამ მიზნით სპეციალისტები რამდენიმე მეთოდს გვთავაზობენ.
1. გამოყავით დრო “ციფრული დიტოქსისთვის” – ყოველდღიურად განსაზღვრეთ დრო, როცა ტექნიკას საერთოდ არ გამოიყენებთ.
2. ივარჯიშეთ ინფორმაციის დამახსოვრებაში – მაგალითად, სცადეთ გზების, ნომრების ან პატარა დეტალების დამახსოვრება, ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერს ტელეფონში ჩაიწეროთ.
3. წაახალისეთ რეალური კომუნიკაცია – მეტი საუბარი ოჯახთან და მეგობრებთან პირისპირ ურთიერთობაში.
4. კონცენტრაციის ვარჯიშები – მედიტაცია, კითხვა და ლოგიკური თამაშები, რაც ტვინს აქტიურ რეჟიმში ამყოფებს.
5. ფიზიკური აქტივობა – რეგულარული ვარჯიში აუმჯობესებს ტვინის სისხლის მიმოქცევას და გონებრივ ფუნქციებს.
თუმცა ამ კუთხით კარგი ახალი ამბავიცაა: გამოჩნდა კვლევები, რომლებიც უარყოფენ ციფრული დემენციის არსებობას ხანდაზუმულებში და მათთვის ტექნოლოგიების გამოყენების სარგებლობაზე საუბრობენ.
ამერიკელმა მეცნიერებმა ჯერედ ბენჯმა და მაიკლ სკალინმა სხვადასხვა მონაცემის მეტაანალიზი ჩაატარეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ გაჯეტების გამოყენებამ, შესაძლოა, ტვინის დაბერება შეანელოს.
მაგალითად, სპეციალისტები ამბობენ, რომ სპეციალურად ხანდაზმულებისთვის შექმნილი აპლიკაციები, როგორიცაა ლოგიკური თამაშები, ფაზლები, მეხსიერების ვარჯიშები და სხვა ინტელექტუალური აქტივობები, ადამიანებს ტვინის აქტიურ მდგომარეობაში შენარჩუნებაში ეხმარება.
ამასთან, ხანდაზმულებს ხშირად აწუხებთ მარტოობა. ვიდეოზარები შვილებთან, მეგობრებთან ან სოციალური ქსელები კი მათ ეხმარება სოციალური კავშირების შენარჩუნებაში და დეპრესიის რისკის შემცირებაში.