ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ მწვავე პრობლემად კვლავაც წითელა რჩება.
ამის შესახებ განცხადებას თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, დაავადება, ამ საუკუნეში, თითქმის ყოველ 3-5 წელიწადში გვახსენებს თავს.
„2005-2007, 2013-2015, 2017-2019 წლების ეპიდემიები, საუბედუროდ, იყო ლეტალური შემთხვევები. სამწუხაროდ, 2024-25 წლებიც არ ,,ჩამორჩა" გასულ წლებს (აუცრელ ბავშვთა და მოზრდილთა წყალობით) და წითელას შემთხვევების მატებაც დაიწყო. დაავადება დარეგისტრირდა, როგორც დაბალ (1-14წ), ასევე, მაღალ (15-65 წ) აუცრელ ასაკებში, შემთხვევათა 60-70% დაექვემდებარა ჰოსპიტალიზაციას. დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირების დიდი ნაწილი აუცრელია (დოკუმენტურად).
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მასშტაბის ეპიდაფეთქება, ყველაზე მნიშვნელოვან-ადამიანების ჯანმრთელობისათვის სერიოზული ზიანის მიყენებასთან ერთად, სხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემასაც წარმოშობს, რაც დიდი ეპიდაფეთქების დროს ძნელად დასაძლევი ხდება.
რა უნდა ვაკეთოთ:
პრობლემას შევხედოთ სერიოზულად, კვლავაც ძალაშია და ჩავიტაროთ წითელას საწინააღმდეგო აცრა 50 წლამდე ასაკში მყოფმა არავაქცინირებულმა პირებმა ერთჯერადად, ჩავუტაროთ აცრები ,,კალენდარულ" ასაკში (1-14 წელი) მყოფ
აუცრელ და არასრულად აცრილ ბავშვებს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული გავითვალისწინოთ სავალდებულო აცრას დაქვემდებარებულმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმაც, კერძოდ:
1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი;
2. პენიტენციურ დაწესებულებაში
მომუშავე პერსონალი;
3. თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები;
4. საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგები, აღმზრდელები, სხვა პერსონალი;
აცრა ჩვენთვის უფასო და უსაფრთხოა.“ - აღნიშნულია განცხადებაში.
მასში ასევე ვკითხულობთ, რომ წითელა მწვავე, ხშირ შემთხვევაში (50-60%) კი მძიმე გართულებებით მიმდინარე დაავადებაა.
მწვავე მიმდინარეობისა და არასასურველი მძიმე გართულების გარდა კი ის დაავადების გადატანიდან 7-10 წელიწადში განვითარებული ე.წ. ქვემწვავე მასკლეროზებული პანენცეფალიტით ხასიათდება - ესაა იშვიათი გართულება, ტვინის დეგენერაციული დაავადება-100 000 წითელას შემთხვევიდან 4-10 შემთხვევაში.
„წითელას საწინააღმდეგოდ ბავშვთა ე.წ. ,,კალენდარულ" ასაკში 97-98%-იანი, ხოლო მოზრდილებში, 90%-იანი აცრებით მოცვა წითელას აღმოცენებისა და გავრცელების ყველა შესაძლებლობას სპობს. წითელას ელიმინაცია აცრების საშუალებით რეალობაა!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.