მსოფლიოს მასშტაბით, სამუშაო სივრცეში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები იზრდება და  დასაქმებულებს შორის იმატებს შფოთვა, შიში, სევდა, შფოთვითი აშლილობები და პანიკური შეტევები. ამის შესახებ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, საკონსულტაციო კომპანია "ჰემაქოს" დირექტორმა  ნინო მიქავამ „რადიო მაესტროს“ ეთერში საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოში მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა კომპანიების მენეჯერებთან და „ეიჩარებთან“ საუბრის შედეგად იკვეთება, რომ ამ ნეგატიური ტენდენციიდან გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა.

მიქავას განმარტებით, მას შეხება აქვს ე.წ. ტექტალანტებთან - ტექნოლოგიურ სფეროში ჩართულ სტუდენტებთან, „აიტი“ სპეციალისტებთან, რომლებიც ფსიქიკური მდგომარეობის სირთულეებზე საუბრობენ.

„დისტანციური მუშაობა იწვევს იზოლაციის შეგრძნებას. ამ ადამიანებს აქვთ იზოლაციის განცდა, რაც მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს, აქვთ „გადაწვის“ სინდრომი.  


მქონდა საუბრები კომპანიების დირექტორებთან და დამფუძნებლებთან, რომლებიც ადასტურებენ, რომ ეს პრობლემა მათთან ნამდვილად დგას. თუმცა ამ კუთხით საქართველოში კვლევები არ ჩატარებულა,“- აღნიშნა ნინო მიქავამ და განაცხადა, რომ მსგავსი კვლევის ჩატარება უკვე იგეგმება. ამ კვლევამ უნდა დადოს ანალიზი, რომელიც კომპანიებს წარედგინება და მათ საფუძველზე განისაზღვრება, რამდენად საჭიროა ინვესტიციები ამ მიმართულებით.

„უცხოეთში ჩატარებული კვლევებით, ტექტალანტების 56% ამბობს, რომ სამსახურის შემდეგაც ვერ ისვენებს, ვერ თიშავს ტვინს სამსახურის საქმეებისგან, 62% კი სამუშაოს შემდეგ ფიზიკურად და ემოციურად გამოფიტულად გრძნობს თავს, რაც ამცირებს პროდუქტიულობას. ხოლო როცა დეპრესიის მქონე ადამიანები მკურნალობას გადიან, მათი პროდუქტიულობა 8-ჯერ იზრდება,“ - აღნიშნავს მიქავა. მისი თქმით, ეს სიტუაცია კავშირშია არა მხოლოდ კომპანიების მომგებიანობის ზრდასთან, არამედ ქვეყნის ეკონომიკასთან.

„ბიზნესსაც სჭირდება დასაბუთება, რომ ამაში ინვესტირება მოახდინოს. 


ეს ყველაფერი ციფრებში უნდა გაიზომოს. „დელოიტის“ კვლევის თანახმად, მენტალურ ჯანმრთელობაზე ტრენინგების ჩატარება და ამ კუთხით თანამშრომელთა ცნობიერების გაზრდა 6-1-ზე ამონაგებით ხასიათდება. ლოკალური კვლევებით გვინდა ვაჩვენოთ, რას აძლევს ასეთი მიდგომა ეკონომიკას.  მსოფლიოს კომპანიები ზრდიან ინვესტიციებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, თუმცა საკმარისი რესურსი ამისთვის მაინც არ არის, რათა ყველა თანამშრომლისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ჩემი აზრით, ეს პრობლემა საქართველოშიც მწვავეა. ჩვენი მიზანია, აღვწეროთ სიტუაცია და გავაკეთოთ ანალიტიკა“ - აცხადებს ნინო მიქავა.