საკანონმდებლო ორგანომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით, 91 ხმით მიიღო.
ცვლილებათა პაკეტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ წარადგინა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სისხლის დაწესებულებათა სისტემაში სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ერთი ცენტრალური სისხლის დაწესებულებით, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით სრულად უნდა უზრუნველყოს რეციპიენტებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის მაღალი სტანდარტის სისხლისა და მისი კომპონენტების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა, სისხლსა და მის კომპონენტებზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტებზე ქვეყნის მოთხოვნილების განსაზღვრა, მის დასაკმაყოფილებლად უსაფრთხო/სტრატეგიული მარაგების შექმნა და მართვა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტრანსფუზიოოგიის ლიცენზიის მქონე დაწესეულებებს, მიუხედავად გასული წლის სექტემბერში ვადის გსვლისა, ეძლევათ კიდევ ერთი შანსი, დარეგისტრირდნენ არასამეწარმეო იურიდიულ პირად. მსგავსი შესაძლებლობა მიეცათ სტაციონარებში არსებულ სისხლის დაწესებულებებსაც, რომლებიც საქმიანობის გაგძელების მიზნით კლინიკებს უნდა გამოეყონ.
კლინიკები სისხლის დაწესებულებებთან თანამშრომლობას ძველებურად გააგრძელებენ, თუმცა ვალდებულნი იქნებიან, სისხლისა და მისი კომპონენტების მიმოცვლა და ერთმანეთისთვის მიწოდება სისხლის ცენტრალურ ბანკთან შეთანხმებით განახორციელონ, რომლის ფუნქციაც ქვეყნის მასშტაბით სისხლის მარაგების მართვაა.
ქვეყანა სისხლის უანგაროდ ჩაბარების პრინციპზე ეტაპობრივად, რაუგვიანეს 2030 წლის 1 აპრილისა, უნდა გადავიდეს.
ცვლილების ავტორთა თქმით, ეს კეთდება იმ მიზნით, რომ სისხლისა და მისი კომპონენტები მაღალი ხარისხის და მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს.





