სახელმწიფოს მიერ შემოღებული რეგულაციების შედეგად ბაზარზე ტყვიის შემცველი პროდუქციის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა ადამიანების ორგანიზმის ტყვიით მოწამვლის რისკები. ამის შესახებ სიუჟეტი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა. 
მასში აღნიშნულია, რომ საფრთხე, რომლისგანაც წლების წინ ბავშვების დიდი ნაწილი დაუცველი იყო, დღეს მინიმუმამდეა შემცირებული და ამას ზედამხედველობის სახელმწიფო ორგანოს გარდა, გაეროს ბავშვთა ფონდიც ადასტურებს.

ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, ბაზრიდან ამოღებული ლაქ-საღებავების 140 მდე ნიმუშიდან აბსოლუტურმა უმრავლესობამ დააკმაყოფილა რეგლამენტის მოთხოვნა, ტყვიის გადაჭარბება კი მხოლოდ სამ მათგანში დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროდუქციის ხარისხის შემოწმება ქვეყანაში 2023 წლის 1 ივლისიდან დაიწყო. მანამდე კი ეკონომიკის სამინისტრომ ბიზნესთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. უწყების შეფასებით, ამ ნაბიჯებმა  შედეგი გამოიღო და დაფიქსირებული დარღვევების რაოდენობა მოსალოდნელზე ბევრად ნაკლები აღმოჩნდა.


კიდევ უფრო დადებითი შედეგებით დამთავრდა სათამაშოების შემოწმება, რომლებიც ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის ერთ-ერთი წყარო იყო.  2022 წელს სათამაშოების ლაბორატორიულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ დარღვევა მხოლოდ 1 შემთხვევაში დაფიქსირდა. 2023 წელს კი ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ელემენტის შემცველობა არცერთ აღებულ ნიმუშში არ გამოვლენილა. 


2018 წელს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და იუნისეფის მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევის თანახმად, 2-დან 7 წლამდე ბავშვების  41%-ის ორგანიზმში ტყვიის შემცველობა ნორმაზე მეტი იყო, ახლა კი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია. 
შეგახსენებთ, რომ ტყვიის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა იწვევს გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხებასა და ნევროლოგიურ პრობლემებს.


სისხლში ტყვიის შემცველობის შემცირების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზეც აღინიშნა, სადაც საქართველოს დელეგაციას იმჟამინდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.